სოსო ფხაკაძე: ნავთობკომპანიების დაჯარიმებასთან დაკავშირებით პროცესი ღიად მიდის

სოსო ფხაკაძე: ნავთობკომპანიების დაჯარიმებასთან დაკავშირებით პროცესი ღიად მიდის

ჩვენ გვგონია რომ მართლები ვართ – ასე პასუხობს „ვისოლ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე ნავთობკომპანიების მიერ მათი დაჯარიმების გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებასთან  დაკავშირებულ შეკითხვას.

მისი თქმით, საქმე სასამართლოშია და ბიზნესს აქვს ლეგიტიმური უფლება და ინტერესი, დაიცვას საკუთარი თავი.

“ძალიან პროფესიონალურად ვუყურებთ ამ საქმეს, ყოველგვარი ემოციის გარეშე. სახელმწიფო აკეთებს თავის საქმეს და ბიზნესს ბუნებრივია გვაქვს ლეგიტიმური უფლება და ინტერესი, რომ დავიცვათ საკუთარი თავი. ძალიან პროფესიულად მიდის ეს პროცესი. ყველა კომპანიამ ინდივიდუალურად შევიტანეთ საქმე,”  – აცხადებს ფხაკაძე. კითხვაზე, აქვს თუ არა მოგების მოლოდინი კომპანიას, ფხაკაძემ განაცხადა: “რასაკვირველია, ჩვენ გვგონია რომ მართლები ვართ. აბსოლუტურად ღია არის პროცესი, ვერც ჩვენ ჩავერევით, ვერც სახელმწიფო.“

კონკურენციის სააგენტომ ხუთ მსხვილ ნავთობკომპანიას კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევის გამო სანქციები 15 ივლისს დააკისრა. საუბარია კომპანიებზე – ვისოლი (10,426 393 ლარის ჯარიმა), ლუკოილი (4, 740 260), სოკარი (14 381 385), რომპეტროლი (10 885 806) და გალფი (11 267 384) და სამ ეკონომიკურ აგენტზე, რომელთაც მჭიდრო ურთიერთობები გააჩნდათ აღნიშნულ ხუთეულთან.

შედეგებიდან გამომდინარე, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ბარაბაძემ განაცხადა, მივიდნენ დასკვნამდე, რომ 2008-2014 წლებში ბაზარზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპები, მოქმედებდა ხელოვნური ბარიერები და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply