რიონის ხეობაში ნამახვანჰესის პროექტის განხორციელების მოწინაღმდეგეები 28 აპრილს, 12:00 საათზე, წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცია დაგეგმილია იმ სხდომის პარალელურად, სადაც მოსამართლემ ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის „ენკა რინიუებლზის“ საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.
საპროტესტო აქცია მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა დააანონსა და მხარდამჭერებს სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდა.
„ვაპირებთ, ვიდრე 23 მაისამდე, დედაქალაქში ფართომასშტაბიან აქციამდე მივალთ, მანამდე სხვადასხვა ქალაქში ჩავატაროთ აქციები. მიმდინარე კვირაში, ოთხშაბათს, უნდა იყოს სასამართლო პროცესი კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით. ის საქმიანობა, რომელსაც კომპანია აწარმოებს ხეობაში არის უკანონო და მასზე ნებართვა მიღებული არ აქვს. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ – თავად სახელმწიფო უწყება, ინსპექტირების სამსახური არის მოდავე მხარე კომპანიასთან. ჯერჯერობით ორი სასამართლო ჩატარდა და არცერთზე არ გამოცხადდა „ენკა“. დასკვნითი სხდომა ოთხშაბათს არის.
რადგან დაგეგმილი გვქონდა, რომ ქალაქებში ჩაგვეტარებინა აქციები, გვინდა, რომ ამ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მივიდეთ სასამართლოს შენობასთან. თან, წყალტუბო პირველი ქალაქი იქნება, სადაც ქალაქებში აქციების ჩატარების გეგმის ფარგლებში აქციას ჩავატარებთ. მიზანი იქნება, რომ ამ სასამართლო პროცესის დროს შევიკრიბოთ – 12:00 საათზე“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.