ექსპლუატაციაში შესვლიდან 35 წლის შემდეგ ხუდონჰესი, შესაძლოა, საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუბრუნდეს. ანუ Build-Operate-Transfer (BOT) მოდელი, რომელიც ნენსკრაჰესის შემთხვევაში გამოიყენება, შესაძლოა, ხუდონის შემთხვევაშიც განხორციელდეს.
საქმე ისაა, დათანხმდება თუ არა ხელისუფლების მოთხოვნას თავად ინვესტორი კომპანია, რომელსაც სხვადასხვა დათმობაზე წასვლა რამდენჯერმე უკვე მოუწია.მოლაპარაკებები ამ საკითხზე ხუდონჰესის განმახორციელებელ ინდურ კომპანია „ტრანსელექტრიკა ჯორჯიასა“ და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარეობს. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ვსაუბრობთ იმაზე, რომ გარკვეული წლების განმავლობაში, როდესაც ჰიდროელექტროსადგური აშენდება, შევა ექსპლუატაციაში, დაიწყებს ელექტროელენერგიის გამომუშავებას, დაუბრუნდეს უსასყიდლოდ სახელმწიფოს. როგორც არის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელების შემდეგ. 35 წლის შემდეგ ჰიდროელექტროსადგური უსასყიდლოდ გადმოეცემა სახელმწიფოს და ეს იქნება ჩვენი საკუთრება. ანალოგიურს ვფიქრობთ ხუდონჰესთან დაკავშირებითაც“,- განაცხადა კახი კალაძემ.
ინფორმაცია „ტრანსელექტრიკა ჯორჯიაშიც“ დაადასტურეს. კომპანიის ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა აცხადებს, რომ ეს ახალი თემაა და მოლაპარაკებები ამ თემაზე ახალი დაწყებულია.
თუმცა, რა პოზიცია აქვს ხელისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით თავად „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“, მირცხულავა არ საუბრობს.
„წინასწარ ვერ გავაკეთებ პროგნოზებს. დაველოდოთ მოლაპარაკებებს, მიმდინარეობს, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები“,- აღნიშნავს მირცხულავა.
მისივე თქმით, შეუძლებელია პროგნოზირება, თუ როდის მიიღწევა ამის შესახებ შეთანხმება.
რაც შეეხება შეკითხვას, შეაფერხებს თუ არა ეს პროცესი პროექტს, მირცხულავა ამბობს, რომ არა. მისი თქმით, მემორანდუმი ხელისუფლებასთან გაფორმებულია და ამ საკითხის განხილვა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მირცხულავას ინფორმაციით, მემორანდუმის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების მოსამზადებელი სამუშაოები მომდევნო წლის ბოლოს უნდა დაიწყოს.
ხუდონჰესის განმახორციელებელ კომპანია „ტრანსელექტრიკა ჯორჯიასთან“ 2011 წელს დადებული ხელშეკრულების გადახედვა ახალი ხელისუფლების პირობებში დაიწყო. მას შემდეგ ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა. კახი კალაძის განცხადებით, ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 4 თვის ნაცვლად 12 თვის განმავლობაში საქართველოში დარჩება, ამასთან, მშენებლობის დროს დასაქმებული ადამიანების 75% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. ხელისუფლებამ „ტრანსელექტრიკას“, რომელიც ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული ოფშორიდან გამოსვლაც მოსთხოვა, რასაც კომპანია დათანხმდა.
ხუდონჰესის პროექტზე საუბარი წლებია მიმდინარეობს, თუმცა, ამ დრომდე მისი განხორციელება არ დაწყებულა. ხუდონჰესის განსახორციელებლად მილიარდ 200 მილიონიდოლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული. პროექტის მიხედვით, ხუდოჰესმა წელიწადში1,5 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია უნდა გამოიმუშავოს.