“23 მაისს ვიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში”

“რიონის ხეობის მცველების” თქმით, “ნამახვანჰესის” გარშემო მთავრობის მიერ 24 აპრილს გავრცელებული განცხადება მიუთითებს, რომ ის არ აკმაყოფილებს აქტივისტთა მოთხოვნებს. მათი თქმით, დღეს ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები სხვადასხვა ქალაქში აქციებს გეგმავენ, 23 მაისს კი თბილისში გადაინაცვლებენ.

“დღეს, 16:00 საათისთვის იგეგმება სხვადასხვა ქალაქში აქციები. რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს და თბილისში აქციის გადატანას, ვაანონსებთ უკვე თარიღს… მოვემზადებით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. აქაც[რიონის ხეობაშიც] გაგრძელდება ჩვეულებრივად პროტესტი, რა თქმა უნდა. თან მოვემზადებით და 23 მაისს დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში”, — აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა და თქვა, რომ დამატებით დეტალებს აქტივისტები თავიანთ გვერდზე, ფეისბუქ ლაივის საშუალებით გაავრცელებენ.

აქტივისტ მირზა ნოზაძის თქმით, ხელისუფლების დღევანდელი განცხადება ეწინააღმდეგება აქტივისტების წინაშე მანამდე გახმიანებულ პოზიციას, რომ დიალოგისას ორივე მხარემ უნდა დათმოს პოზიციები და განიხილებოდეს როგორც ჰესის აშენების, ისე არაშენების შესაძლებლობა.

“შესაბამისად, იმ განცხადებებს, რომლებიც თითქოს ხელისუფლების შერბილებულ პოზიციებს გამოხატავს, ჩვენ ვკითხულობთ, რომ ისინი ისევ იმ პოზიციაზე დგანან, რომ ჰესი ყველა ვარიანტში აშენდება და ცდილობენ ვექტორის გადატანას სხვა მიმართულებით, რათა მოხდეს პროტესტის დეესკალაცია არა ბუნებრივად, არამედ ხელოვნურად.

ჩვენი გეგმები, როგროც ჩვენ ვაცხადებდით, არის უცვლელი. ჩვენ დღეს გვექნება აქციები სხვადასხვა ქალაქებში. აუცილებლად დავანახებთ ხელისუფლებას, რომ მათ ანგარიში უნდა გაუწიონ ხალხს, აქციის მასშტაბს, აუცილებლად უნდა ისაუბრონ პროტესტის აქტორებთან და ისაუბრონ იმ კითხვებზე, რომლებიც გაგვაჩნია ჩვენ”, — აღნიშნა მან.

Leave a Reply