იაპონია ავარიული ატომური სადგურიდან „ფუკუშიმა-1“ რადიოაქტიურ წყალს ოკეანეში გადაღვრის

იაპონიის მთავრობამ ავარიული ბირთვული ელექტროსადგურის „ფუკუშიმა-1“ რეზერვუარებიდან რადიოაქტიური წყლის წყნარ ოკეანეში გადაღვრის ნებართვა გასცა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს პროცესი ათობით წლის განმავლობაში გაგრძელდება. ამ ეტაპზე რეზერვუარებში 1,3 მილიონი ტონა რადიოაქტიური წყალი ინახება და კომპანიაში Tokyo Electric Power Co (TepCo) აცხადებენ, რომ რეზერვუარები სავარაუდოდ 2022 წელს გაივსება.

პრობლემა იმით არის გამოწვეული, რომ ავარიიდან ათი წლის შემდეგაც სადგურის დეაქტივაცია დასრულებული არ არის. იმისთვის, რომ ავარიის შედეგად დაზიანებული ენერგობლოკები არ დადნეს, მათ მუდმივ რეჟიმში წყლით აციებენ. შემდეგ ეს წყალი ფილტრაციის მძლავრ სისტემას გადის, რომელიც მას თითქმის ყველა რადიოაქტიური ელემენტისგან ასუფთავებს – ტრიტიუმის იზოტოპის გარდა. ყოველდღიურად ამისთვის 170 ტონა წყალს იყენებენ.

იაპონიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ოკეანეში გადაღვრილი წყალი არა მხოლოდ გაწმენდილი, არამედ გაზავებულიც იქნება, რათა რადიაციის დონე დასალევი წყლისთვის დაწესებულ ნორმაზე დაბალი იყოს. წყალში დარჩენილი ტრიტიუმის დონე კი იაპონიაში მოქმედი უსაფრთხოების ნორმებით გათვალისწინებულ მაჩვენებელზე 40-ჯერ დაბალი იქნება.

თუმცა, ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგები იაპონელი მეთევზეები და მეზობელი ქვეყნები – სამხრეთ კორეა და ჩინეთი არიან. მეთევზეები შიშობენ, რომ რეზერვუარების ოკეანეში დაცლა ფუკუშიმის პრეფექტურაში მოპოვებული ზღვის პროდუქტების უსაფრთხოების შესახებ კითხვებს გააჩენს. სეული და პეკინი კი წყნარი ოკეანეს შესაძლო დაბინძურებით არიან შეშფოთებულები.

მაგრამ ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ იაპონიის გადაწყვეტილება საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამება და ორგანიზაცია ტოკიოსთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. გადაწყვეტილებას მხარი აშშ-მაც დაუჭირა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ „ამ უნიკალურ და რთულ სიტუაციაში იაპონიამ ყველა ვარიანტი აწონა და როგორც ჩანს, მსოფლიოში მოქმედი ბირთვული უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო“.

ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში 2011 წლის 11 მარტს მოხდა, მიწისქვეშა ბიძგებმა ცუნამი გამოიწვია. სტიქიის შედეგად, რამდენიმე ქალაქი განადგურდა, ფუკუშიმაში კი ბირთვულ ელექტროსადგურზე ავარია მოხდა. კატასტროფას 20 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამის მიუხედავად, იაპონიას ბირთვულ ენერგიაზე უარი არ უთქვამს. ამ ეტაპზე ქვეყანაში 33 სადგური მუშაობს.

Leave a Reply