თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, დღეს ნამახვანჰესზე გადის ქართული ენერგეტიკის განვითარების მომავალი და თუ გაჩერდება ნამახვანჰესის მშენებლობა, საერთოდ არავითარი პერსპექტივა არ ექნება არათუ დიდი და საშუალო ჰესების, არამედ მცირე ჰესების მშენებლობასაც კი საქართველოში.
ჭარაიას განცხადებით, ნამახვანჰესის წინააღმდეგ არსებული პროტესტი უკვე იმდენად არასწორ ჭრილში გადაიზარდა, რომ ეს ყველაფერი აზიანებს ქვეყნის ბიზნესგარემოს.
ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 1,5 მლრდ კვტ.სთ იქნება, რაც საქართველოს წლიური მოხმარების 12%-ზე მეტია.