უკვე ჩამოყალიბდა შესაბამისი ჯგუფი, გაიმართა ორი შეხვედრა. იმედია, უახლოეს მომავალში ამ ექსპერტების ჩართულობით ვამცნობთ საზოგადოებას, რომ კვლევები ჯეროვნად ასახავს საჭიროებებს. ჩვენ მხოლოდ გამჭვირვალე პროცესის მომხრენი ვართ, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ კომპანია ENKA Renewables-ის დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ENKA Renewables-ი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიაა. „ჩვენ ვიღებთ დამატებით ვალდებულებებს როგორც სამუშაოების ჩატარების ხარისხობრივი თვალსაზრისით, ისე საკუთრივ პროცესთან მიმართებით. მოხარულები ვართ, რომ მედია და არასამთავრობო სექტორი ჩართულია ამ პროცესში და მათთან ერთად განიხილება ის საკითხები, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს“, – აღნიშნა ლომინაძემ.
მისი განმარტებით, მუშაობა მიმდინარეობს მხოლოდ იმ ობიექტებზე, რომლებიც ემსახურება წინასწარი ინფრასტრუქტურის მოწყობას და არა ძირითად საქმიანობას. „გადავწყვიტეთ, რომ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდეს ის სოციალური პროექტები, რომლებსაც ვგეგმავდით, აქტიურად დავიწყოთ კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასა და არასამთავრობო სექტორთან. არაერთხელ ვთქვით, რომ თუ არსებობს რომელიმე პასუხგაუცემელი საკითხი, ჩვენ მზად ვართ, ღიად, შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით განვიხილოთ ეს საკითხები. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ყველა კითხვაზე გავცემთ პასუხს. თუ ჩვენ, როგორც ერთ-ერთ მხარეს არ გვექნება რაიმე კითხვაზე პასუხი, დავდეთ პირობა, რომ ერთად მოვიძიებდით ისეთ კომპეტენტურ ადამიანებს, რომლებიც შეძლებდნენ ამა თუ იმ მხარისთვის კომპეტენტური პასუხის გაცემას. საქართველოში შემოსვლის შემდეგ კომპანიამ დამატებით მოიწვია სპეციალისტები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიების სრული ჩართულობა კვლევებში. თუმცა საზოგადოებაში მაინც დარჩა კითხვები და აქაც ჩვენმა კონსორციუმმა გადაწყვიტა, ნაბიჯი გადადგას თანამშრომლობისკენ – ძირითადი ნაგებობების, კაშხლისა და გენერაციის ობიექტების მშენებლობა არ დაიწყებოდა მანამ, სანამ არსებული კვლევების ვალიდაცია არ მოხდებოდა. უკვე ჩამოყალიბდა შესაბამისი ჯგუფი, გაიმართა ორი შეხვედრა. იმედია, უახლოეს მომავალში ამ ექსპერტების ჩართულობით ვამცნობთ საზოგადოებას, რომ კვლევები ჯეროვნად ასახავს საჭიროებებს. ჩვენ მხოლოდ გამჭვირვალე პროცესის მომხრენი ვართ. ჩვენი კომპანია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიაა. ჩვენ ვიღებთ დამატებით ვალდებულებებს როგორც სამუშაოების ჩატარების ხარისხობრივი თვალსაზრისით, ისე საკუთრივ პროცესთან მიმართებით. მოხარულები ვართ, რომ მედია და არასამთავრობო სექტორი ჩართულია ამ პროცესში და მათთან ერთად განიხილება ის საკითხები, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.
ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 5 თვეა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს.