დარწმუნებული ვარ, გავა გარკვეული დრო და მოსახლეობა მეტი ნდობით მოეკიდება პროექტს

ხელშეკრულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით არის გამოქვეყნებული და ნებისმიერ მართლა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა რომ ელექტრონულად წაიკითხოს და ზუსტად გაეცნოს თუ რა წერია შიგნით, – ამის შესახებ ნათია თურნავამ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმ სარგებელზეც ისაუბრა, რასაც პროექტი რიონის ხეობის მოსახლეობას მოუტანს.

„შეიქმნა რიონის ხეობის განვითარების ფონდი. 5 მილიონი ლარის ფონდი არის, რომელშიც პარიტეტულად შემოდის როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო, იმიტომ რომ ჩვენი ვალდებულებაც არის ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვინც ამ პროექტის არეალში ხვდება. ახლა სწორედ ვაპირებთ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად განვსაზღვროთ ის სიკეთეები, ამ ფონდიდან რა შეიძლება დაფინანსდეს“, – განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ერთ-ერთ პრიორიტეტი ამ მხრივ ახალგაზრდების განათლება იქნება.

„ჩვენი ამოცანა არის, რომ არა უბრალოდ დასაქმდნენ ადამიანები, არამედ უფრო მაღალანაზღაურებად პოზიციებზე იყვნენ დასაქმებულები. სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდის შემდეგ, („ჟინვალჰესი“ იყო ბოლო მსხვილი ჰიდროსადგური, რომელიც აშენდა) გაწყდა ეს ბუნებრივი პროცესი, როდესაც მშენებლობის დროს სწავლობდნენ თაობები და მზადდებოდნენ ინჟინრები. მას შემდეგ ეს პირველი, მართლაც უპრეცედენტო, ისტორიული პროექტია, როდესაც ჩვენს ახალგაზრდებს შეუძლიათ არა მარტო დასაქმდნენ, არამედ ისწავლონ და გაიზარდონ. ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც კომპანიას მოველაპარაკეთ ამ ფონდიდან იქნება განათლება ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, იმიტომ რომ ახალგაზრდების გამაგრება და ხეობაში დაბრუნება არის ძალიან დიდი მნიშვნელობის საქმე“, – განმარტა მინისტრმა.

მისივე თქმით, ამასთან მოეწყობა ინფრასტრუქტურა, დაიგება გზები, დაგეგმილი არის გაზიფიკაცია და ინტერნეტიზაცია.

„ძალიან ბევრი სიკეთე შეიძლება მოიტანოს ასეთმა მსხვილმა ინვესტორმა და დარწმუნებული ვარ, გავა გარკვეული დრო და მოსახლეობა მეტი ნდობით მოეკიდება პროექტს და დარწმუნდება, რომ მართლაც ძალიან დიდი სიკეთის მომტანი არის ასეთი ინვესტორის ყოლა ხეობაში“, – აღნიშნა თურნავამ.

ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 5 თვეა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს.

Leave a Reply