“წელს, პანდემიის დროს გვიწევს 200 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა ქვეყნის გარეთ ენერგორესურსებისთვის”

ჰესებთან დაკავშირებული დაგროვილი პრობლემები ნაწილობრივ მოდის იქიდან, რომ მოსახლეობაში ბოლომდე არ არის სწორი გაგება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ადგილობრივი ჰიდრორესურსის განვითარება, – ამის შესახებ ნათია თურნავამ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, წლების განმავლობაში ჰიდროენერგეტიკის „დემონიზაცია“ ხდებოდა, რასაც თავისი ისტორიული საფუძველი აქვს. მინისტრი „ხუდონჰესის“ მშენებლობაზე უარის თქმას „მიუტევებელ შეცდომას“ უწოდებს, რადგან ეს პროექტი ქვეყანას რეგიონის მასშტაბით სულ სხვა გავლენას შესძენდა.

„საბედნიეროდ, გვაქვს ძალიან კარგად დამუშავებული მთელი რიგი პროექტი. მაგალითად, „ნამახვანჰესი“, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ძალიან კარგად მოკვლეული პროექტი იყო. გვაქვს ხედვა და გვაქვს ისეთი მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, როდესაც პანდემიის მიუხედავად, ჩვენთან შემოდის ძალიან მსხვილი, ძალიან ცნობილი კომპანია, 830 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს საკუთარ რესურსს, იმისთვის რომ აქ გააკეთოს ქართული საქმე. მართალია, ეს არის თურქულ-ნორვეგიული კონსორციუმი, მაგრამ ეს არის ქართული საქმე, ეს არის კერძო-საჯარო თანამშრომლობის პროექტი, სადაც სახელმწიფო მონაწილეობს თავის მხრივ და ყველა მხარე იღებს სიკეთეს. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო მოწყურებული არის ინვესტიციებს, ჩვენ აი ასეთი მიმდინარე პროექტი გვაქვს, რომელიც ძალიან ბევრ პრობლემას გადაწყვეტს“, – განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, დღეს ძალიან ბევრი აქტუალური პრობლემა სწორედ ენერგოდეფიციტთან არის დაკავშირებული, მაგალითად ლარის კურსი.

„წელს, პანდემიის დროს გვიწევს 200 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა ქვეყნის გარეთ, ჩვენი სამეზობლოს სასარგებლოდ და ეს ფული ხმარდება არა რომელიმე აქ აშენებულ ჰიდროსადგურს, არამედ თურქეთში, აზერბაიჯანში ან რუსეთში განთავსებულ ჰიდროსადგურებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს, მათი ეკონომიკის გაძლიერებას. ეს ფული, ეს ვალუტა აკლდება ჩვენს სავალუტო ბაზარს. სხვა შემთხვევაში ეს რესურსი ლარის გამყარებას მოხმარდებოდა“, – განმარტა მინისტრმა.

ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 5 თვეა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს.

Leave a Reply