“უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები იმაში, რომ მიღებული გადაწყვეტილებები არის სამართლიანი და პასუხისმგებლიანი”

კომუნიკაციის ნაკლებობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, ვინაიდან ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები იმაში, რომ მიღებული გადაწყვეტილებები არის სამართლიანი და პასუხისმგებლიანი, თუმცა კომუნიკაციის პროცესი არაა შემოსაზღვრული ერთი დღით. ჩვენი თანამშრომლები მუდმივად იმყოფებოდნენ რეგიონში, ხვდებოდნენ მოსახლეობას და არაერთი შეხვედრა გაიმართა პარლამენტში, სადაც ყველა ოპონენტს ჰქონდა კითხვის დასმის საშუალება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება კვლევების არსებობა-არარსებობას, ვფიქრობ, რომ ყველამ, ვისაც ეს აინტერესებდა, მოისმინა საკომიტეტო ფორმატში გამართული დებატები, სადაც ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ყველა კვლევაზე. ეს იყო კითხვები გეოლოგიურ საფრთხეებზე, მეწყერსაშიშ რეგიონზე, ქანების მდგრადობაზე, კლიმატზე ზემოქმედებაზე და ა.შ. ნამახვანი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია. ამ საკითხის შესწავლა გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო და სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუტმა, სპეციალისტმა და ექსპერტმა შეისწავლეს ის და ბოლო წლებშიც ამ პროცესში ჩართულები იყვნენ ავტორიტეტული ორგანიზაციები იტალიიდან, საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან“, – განაცხადა დავითაშვილმა.

Leave a Reply