„შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია“, — ამ სახელმწოდებით დღეს, 12 აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან სოლიდარობის აქცია გაიმართება.
სოლიდარობის აქციის ორგანიზატორები არიან ორგანიზაციები, — „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC), „მწვანეები“ და პლატფორმა სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის.
ორგანიზატორების განცხდებით, აქციაზე მისვლით მოქალაქეები მხარდაჭერას გამოუცხადებენ რიონის ხეობის მოსახლეობას, ვისაც კვირას, 11 აპრილს, პოლიციამ კარვები დაუშალა.
„მთავრობამ გუშინ დატრიალებული ტრაგედია გამოიყენა ინსტრუმენტად, რომ დაეშალა კარვების ბანაკი, სადაც 170 დღეა ხალხი სახელმწიფოს ღირსებას მათ მაგივრად იცავს. როგორც ჩანს ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს უსამართლო ნაბიჯი კი არ შეანელებს, არამედ გააძლიერებს წინაღმდეგობას“, – აცხადებენ ორგანიზაციები. მათი შეფასებით, შსს „იყენებს ბინძურ მეთოდებს და ცრუ მიზეზებს, თითქოს წყლის ადიდების საფრთხეა, მაშინ როცა ადგილობრივების თქმით უშუალოდ კარვების ადგილზე არ არსებობს ეს საფრთხე ახლა“ – წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.