პრეზიდენტი “ნამახვანჰესის” საკითხის განსახილველად მხარეებს სახელმწიფო კომისიის შექმნას ურჩევს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ნამახვანჰესის” საკითხის განსახილველად მხარეებს სახელმწიფო კომისიის შექმნას ურჩევს და საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტის სასახლის პლატფორმას სთავაზობს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს, 9 აპრილს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ “ნამახვანჰესის” საკითხთან დაკავშირებით ორივე დაპირისპირებულ მხარეს ძლიერი არგუმენტები აქვს, რომელთა გათვალისწინებას და შეჯერებასაც ის უალტერნატიოდ მიიჩნეევს.

“ეკონომიკასთან დაკავშირებლ საკითხებზეც ვხდებით საზოგადოების მხრიდან დაპირისპირებულ პოზიციებს. ასეთი მაგალითის ვხვდებით “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით მიმდინარე დაპირსიპირება.

ერთი მხრივ, ის საზოგადოება, ვისი წუხილიც ძალიან კარგად მესმის და ვუთანაგრძნობ, ითხოვს ჩვენი ბუნებრივი რესურსებისა და მიწის დაცვას უხეში ჩარევისა და ზემოქმედებისგან. ადგილობრივი მოსახლეობა აპელირებს იმ საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება ზოგადად ეკოლოგიას, რეგიონში სოფლის მეურნეობას, მეღვინეობისა და ტურიზმის პოტენციალს.

მეორე მხრივ კი, ვინც ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის გაცოცხლებასა და ენერგო-დამოუკდიებლობას ანიჭებს უპირატესობას და ადამიანის სიდუხჭირიდან თავის დაღწევაზე აპელირებს”, — განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, იმისთვის, რომ მხარეებმა არგუმენტები შეაჯერონ, საჭიროა მეტი კომუნიკაცია, საჯაროობა და ყველა არგუმენტის და შესაძლო საფრთხის გაანალიზება.

“სასურველია შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც ეკონომისტები, ენერგეტიკოსები, ბუნებადამცველები, ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელი ექსპერტები ერთად განიხილავენ არა მხოლოდ ამ კონკრეტული ჰესის ბედს, არამედ მომავალ გეგმებსა და პერსპექტივას ენერგეტიკის მიმართულებით”, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ნამახვანი ჰესის შესახებ მსჯელობა მაქსიმალურად გასაჯაროებული უნდა იყოს და “თუ საჭიროდ ჩაითვლება, პრეზიდენტის სასახლის პლატფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ მიზნისთვის”.

Leave a Reply