როგორც ცნობილია, 2017 წლიდან, მსხვილი საწარმოები, რომელთა შემოსავალიც 100 მილიონს, აქტივების ღირებულება კი 50 მილიონ ლარს აღემატება ვალდებულნი არიან საკუთარი კომპანიის აუდიტირებული ანგარიში ოფიციალურად გამოაქვეყნონ. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელიც დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს, ყოველწლიურად აქვეყნებს კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებას.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ვებ-გვერდზე (reportal.ge) გამოქვეყნებული GWP-ის ბოლო ანგარიშგება 2019 წლით არის დათარიღებული, როგორც ჩანს, კომპანიას 2020 წლის ანგარიშგება ჯერ არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, სწორედ 2019 წლის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ GWP-ის ფინანსურ მაჩვენებლებს.
როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშგებიდან ირკვევა, 2019 წელს კომპანიის შემოსავალმა 144 მილიონი ლარი შეაგინა და იგი 15 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2018 წელს მისი შემოსავალი 129 მილიონი ლარი იყო.
კომპანიამ შემოსავლების ძირითადი ნაწილი წყალმომარაგებიდან და მასთან დაკავშირებული მომსახურებიდან მიიღო – 124 მილიონი ლარი, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2 მილიონი ლარი. ელექტროენერგიის რეალიზაციიდან შემოსავალმა 16 მილიონი ლარი შეადგინა, აღსანიშნავია, რომ ზრდამ ამ მიმართულებით, ერთ წელიწადში, 13 მილიონი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება მოგებას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მოგებამ 2019 წელს 35 მილიონი ლარი შეადგინა და იგი 6 მილიონი ლარით გაიზარდა ერთ წელიწადში, 2018 წელს კომპანიის მოგება 29 მილიონი ლარი იყო.
GWP-ის აქტივები, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 542 მილიონი ლარია, საიდანაც 150 მილიონი ლარი საკუთარი კაპიტალია, ხოლო 335 მილიონი ლარი გრძელვადიანი ვალდებულებები.
ამ ფინანსური მაჩვენებლების ფონზე, აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან მომხმარებლებისთვის წყლის ტარიფი გაძვირდა. კერძოდ, GWP-ის აბონენტებისთვის, რომლებსაც მრიცხველი უყენიათ, საყოფაცხოვრებო მოხმარების ტარიფი 33 თეთრიდან, 50 თეთრამდე გაიზარდა. სულადობით კი გადასახადმა 3.9 ლარიდან 4.5 ლარამდე მოიმატა. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფს, ეს კომპონენტი 4.4 ლარიდან 6.5 ლარამდე გაიზარდა.
საინტერესოა, რამ განაპირობა ტარიფის ზრდა და ფინანსურად როგორი იყო 2020 წელი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“, რომელმაც ტარიფების ზრდა მოითხოვა და სემეკიც დათანხმდა მას. როგორც კი კომპანია 2020 წლის ფინანსურ მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს, ჩვენ მას აუცილებლად შემოგთავაზებთ.
ნინო სამადაშვილი