ენერგეტიკის სამინისტრო წელს მილიარდი ლარის ინვესტიციას ელის

ენერგეტიკის სამინისტრო წელს მილიარდი ლარის ინვესტიციას ელის

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ გასულ წელსაც დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი გამართული სტრუქტურაა და გარდა იმისა, რომ მომხმარებელს ხარისხიან მომსახურებას უწევს, ინვესტიციების განხორციელების მხრივაც, ერთ-ერთი პირველია. მიმდინარე წელს ენერგეტიკის სექტორში მილიარდ ლარამდე ინვესტიციის მოლოდინია და ეს მოლოდინი რეალური ფაქტებით არის გამყარებული.

ინვესტიციების გარდა, ენერგეტიკის სამინისტროს პრიორიტეტად მოსახლეობისთვის ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ჰიდრორესურსების რაციონალური ათვისება რჩება. ამასთან ერთად, ელექტროგადამცემი ხაზებისა და მაგისტრალების რეაბილიტაცია და სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება.

საგულისხმოა, რომ პრიორიტეტებს შორის, ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლების გაზიფიცირების საკითხი რჩება. 2015 წლისთვის ბუნებრივი აირის ქსელში ჩაერთვება ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფელი, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო 19 მლნ ლარი. სოფლების გაზიფიცირების სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად განახორციელებს.

წელსვე დასრულდება უშუქო სოფლების ელექტროფიკაციის პროექტი _ “სინათლე ყველა სოფელს”. უკვე ელექტროფიცირდა 22 სოფელი. მიმდინარეობს სამუშაოები და უახლოეს მომავალში ელექტროენერგიით სარგებლობას შეძლებს დამატებით 6 სოფელი. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო 6.5 მლნ ლარი.

ენერგოინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით აქტიურად გრძელდება ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები. წელს ენერგეტიკული კომპანიები ქსელის რეაბილიტაციაზე 74 მლნ ლარს დახარჯავენ. 40 მლნ ლარი დაიხარჯება ახალი აბონენტების ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვასა და გაზსადენების რეაბილიტაციაზე.

ექსპლუატაციაში შედის გარდაბნის თბო-ელექტრო სადგური, რომელის საინვესტიციო ღირებულებაც 220 მლნ აშშ დოლარია და რომლის მშენებლობაც თურქულმა კომპანია “ჩალიკ ენერჯიმ” უკვე დაასრულა.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დახმარებით ახორციელებს “რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტს” (ADB); “საქართველოს ელექტროგადამცემის ქსელის გაუმჯობესების პროექტსა” (WB) და “ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს” (USAID); აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის წელს 115 მლნ ლარამდე დაიხარჯება.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან ერთად დაიწყო საქართველოს მდინარეების ჰიდროპოტენციალის შესწავლა. რადგან ჰიდრორესურსების აქტიური გამოყენება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პირველ ეტაპზე ფონდი შეისწავლის რიონის წყალშემკრები აუზის პოტენციალს. მიმდინარეობს 14 ჰიდრო ელექტრო სადგურის მშენებლობა. წელს დაგეგმილია დარიალ ჰესის, ფშაველა ჰესისა და ნაბეღლავ ჰესის ექსპლუატაციაში გაშვება. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ქარის ელექტროსადგურისა და ნამახვანჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს. პროექტები ჯამურად წელს 12 მლნ ლარის ინვესტიციას მოიცავს.

2015 წელს მხოლოდ ჰესების ტექნიკურ ეკონომიკურ კვლევებსა და მშენებლობებისთვის 400 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. ეს არის არასრულყოფილი ჩამონათვალი, რის განხორციელებასაც ენერგეტიკის სამინისტრო გეგმავს. და მერე აღარ უნდა გაგვიკვირდეს, როცა კახა კალაძე შემაჯამებელ ანგარიშს გააკეთებს და მისი სამინისტრო ყველაზე წარმატებული იქნება.

Leave a Reply