ძალიან სამწუხაროა რომ „დაინტერესებულ პირებს“ არც კი აინტერესებს, რა შემხვედრ ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო და ინვესტორი და რას იტყვიან უშუალოდ იმ დარგის სპეციალისტები, რომლებთანაც (ერთი შეხედვით) ყველაზე მწვავე შეკითხვები არსებობდა, – ამის შესახებ Facebook-ზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით წერს.
„ძალიან სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა დღეს ქუთაისში, სადაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა უბრალოდ ჩაშალეს შეხვედრა ზუსტად იმ ადამიანებთან, ვისაც პასუხი უნდა გაეცა ჰესის ტექნიკურ მახასიათებლებზე, რომელზეც ხდებოდა ხოლმე მთელი ამ დროის განმავლობაში პრეტენზიების წაყენება. ეს არამხოლოდ სამწუხაროა, არამედ ეჭვებსაც აჩენს. არადა, მინისტრებმა დღეს ძალიან სერიოზული წინადადებები ჩაიტანეს ქუთაისში:
„ნამახვანჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, სანამ კვლევები არ გადამოწმდება!
ჰესის მშენებლობას მხოლოდ დამხმარე ინფრასტრუქტურის ნაწილში გააგრძელებს და არ დაიწყებს ჰესის კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას, სანამ არ გადამოწმდება წარმოდგენილი კვლევები, რომლებიც აქამდე ეჭვს ბადებდა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში;
ამ კვლევებისთვის სახელმწიფო დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს;
შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონ ლარიანი ფონდი, რომელშიც კონტრიბუციას როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო შეიტანს და დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირბოროტო პროექტს.
დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს და უზრუნველყოფს მეტ გარანტიას, რომ ქართველი დასაქმებულების უფლებები სათანადოდ იყოს დაცული.
ასევე შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან, რომელიც პროექტს ზედამხედველობას გაუწევს, რომ პროექტის უსაფრთხოებაზე ეჭვები გამოირიცხოს.
აქამდე იყო პრეტენზია, რომ ფინანსურად არ გვაწყობდა ეს პროექტი და გაირკვა, რომ ასე არ ყოფილა. ახლა მთავარი აქცენტი ოპონენტებმა გადაიტანეს უსაფრთხოებაზე, რაც აგრეთვე სუსტი არგუმენტებითაა გამყარებული, თუმცა ამასაც დიდი ყურადღება დაეთმობა, მაგრამ ახლა ოპონენტებს ამის მოსმენაც არ სურთ და ღმერთმა იცის, კიდევ რას მოიფიქრებენ.
დასკვნები თქვენთვის მომინდია. თუმცა, ძალიან სამწუხაროა რომ „დაინტერესებულ პირებს“ არც კი აინტერესებს, რა შემხვედრ ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო და ინვესტორი და რას იტყვიან უშუალოდ იმ დარგის სპეციალისტები, რომლებთანაც (ერთი შეხედვით) ყველაზე მწვავე შეკითხვები არსებობდა.