2016 წელს ენგურჰესის მუშაობა რამდენიმე თვით შეჩერდება

2016 წელს ენგურჰესის მუშაობა რამდენიმე თვით შეჩერდება

“2016 წლისთვის ვგეგმავთ გვირაბის რეაბილიტაციას, ეს ძალიან მასშტაბური სამუშაოები იქნება და ამისთვის აუცილებელი იქნება ჰიდროელექტროსადგურის გაჩერება რამდენიმე თვით”,-ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, შეფერხებების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას აწვდიდა და მომავალშიც მიაწვდის ელექტროენერგიას.

“ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს, წლების განმავლობაში გამყარებულია კარგი ურთიერთობა, ახლაც გრძელდება. იცით, რომ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები ელექტროსადგურებზე, გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენ მოვინახულეთ ენგურის ჰიდროაგრეგატები, რომელიც განთავსებულია საბერიოში. 2016 წლისთვის ვგეგმავთ გვირაბის რეაბილიტაციას, ეს ძალინ მასშტაბური სამუშაოები იქნება და ამისთვის  აუცილებელია  ჰიდროელექტროსადგურის გაჩერება რამდენიმე თვით. იცით, რომ საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას ელექტროენერგიის მომარაგებაზე. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს ვაწვდით ელექტროენერგიას, ამ ყველაფრის ხარჯებს სახელმწიფო თავის თავზე იღებს. ყველა სარეაბილიტაციო სამუშაო, რომელიც ტარდებოდა და ჩატარდება… ჩვენ ვიღებთ ხარჯებს ჩვენს თავზე. როდესაც პრობლემები ჰქონდა ჰიდროელექტროსადგურს და ჩვენ რუსეთიდან შემოგვქონდა ელექტროენერგია, ვაწვდიდით აფხაზეთს, რომ ჩაბნელებული არ ყოფილიყო”,-განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ენგურჰესის საკითხებზე კონსულტაციებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი კომპანიის წარმომადგენლებთან სისტემატურად ახორციელებს.

Leave a Reply