გასული წლის განმავლობაში, მსოფლიოში ელექტრომობილების გაყიდვები 43% -ით გაიზარდა. შიგა წვის ძრავის მანქანებთან საფასო პარიტეტი 2023–2025 წლებისთვისაა მოსალოდნელი. ელექტრომობილების მფლობელების ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, მათ 91%-ს არ სურს შიგა წვის ძრავის მქონე მანქანებზე დაბრუნება. ყველაზე შთამბეჭდავი მაჩვენებელი ნორვეგიას აქვს: ელექტრომობილების წილმა ქვეყანაში გასულ წელს გაყიდული ყველა მანქანიდან 54% შეადგინა. მაშინ როდესაც, გერმანიაში ელექტრომობილების წილმა (ჰიბრიდების ჩათვლით) 2020 წლის ბოლოს მხოლოდ 25% -ს მიაღწია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ხუთი წლის განმავლობაში ელექტრომობილები გახდება ყველაზე ეკონომიური გადაწყვეტა მსოფლიოს უმეტესი ნაწილისთვის. ჯერჯერობით, დიდ ბრიტანეთში გამოკითხული ავტომობილების მფლობელების 78% თვლის, რომ ელექტრომობილები ძალიან ძვირია. ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ევროპაში ელექტრომანქანების ბატარეების ფართომასშტაბიანი წარმოების განვითარება.
ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანოებმა მწვანე შუქი აუნთეს 3.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბატარეის პროექტს, რომელიც დაიწყო რამოდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, “ტესლას”, BMW- ს და სხვა ავტომწარმოებლების მოზიდვის იმედით. ბატარეის ფასები სწრაფად იკლებს. “ბლუმბერგის” თანახმად, ბოლო ათი წლის განმავლობაში ლითიუმ-იონური ბატარეების საშუალო ღირებულება გასულ წელს დაეცა 1 კილოვატ საათზე 1,100 დოლარზე მეტიდან, კილოვატ საათში 140 დოლარზე უფრო ნაკლებამდე. ჩინეთში ინდივიდუალურმა მწარმოებლებმა შეძლეს 100 დოლარზე კილოვატ საათში უფრო ნაკლებზეც კი ჩამოსულიყვნენ.
ევროკომისიამ დაამტკიცა 3,5 მილიარდი დოლარის ღირებულების (2,9 მილიარდი ევრო) ევროპული ბატარეის ინოვაციების პროექტი. ევროკომისიის მთავარი იდეაა 2025 წლისთვის ბატარეების წარმოებაში თვითკმარობის მიღწევა. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ლითიუმ-იონური ბატარეების მსოფლიო წარმოების 80% კონცენტრირებულია ჩინეთში. სახელმწიფო დახმარებას მიიღებენ საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიის, ბელგიის, ხორვატიის, ფინეთის, საბერძნეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ესპანეთისა და შვედეთის ეროვნული მთავრობები. მხოლოდ გერმანიის მთავრობა 1-1,6 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ევროკომისია იმედოვნებს, რომ მოიზიდავს დაახლოებით 9 მილიარდ ევრო კერძო კაპიტალს. “ტესლას” და BMW– ს გარდა, პროექტში 42 კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ევროპული ბატარეების ინოვაციის პროექტი მოიცავს ბატარეების წარმოებასთან დაკავშირებულ ყველა ეტაპს: დაწყებული ნედლეულის მოპოვებიდან მათი წარმოებისთვის, დამთავრებული განადგურებამითა და ჩანაცვლებით. ამასობაში, Royal Dutch Shell–მა განაცხადა, რომ გადაწყვიტა შეიძინოს ელექტრომობილების დამტენი სადგურების უდიდესი ქსელი დიდ ბრიტანეთში.
ნინო სამადაშვილი