პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე ჰესების მშენებლობის ირგვლივ დაწყებულ დისკუსიას ეხმიანება და აცხადებს, რომ დამოუკიდებელ ქვეყანას ფუნქციონირებადი ეკონომიკა და ენერგოდამოუკიდებლობაც ისევ სჭირდება, როგორც შეიარაღებული ძალები.
“ვინც ჰესების საწინააღმდეგო კამპანიაში მონაწილეობს, მათი გულწრფელობის, პატრიოტიზმის, თავდადების მჯერა, მაგრამ ეკონომიკაში და ენერგეტიკაში უფრო საფუძვლიანი ჩახედვაა საჭირო.
დამოუკიდებელ ქვეყანას ფუნქციონირებადი ეკონომიკა და ენერგოდამოუკიდებლობაც ისევ სჭირდება, როგორც შეიარაღებული ძალები. არაპროფესიონალიზმი და პოპულიზმი ძირს იმას უთხრის, რის დაცვასაც ლამობენ, სუვერენიტეტს და განვითარების პერსპექტივას.
სახელმწიფომ სესხი აიღოს და თვითონ ააშენოს, ასეთი მიდგომა არასახელმწიფოებრივი და არაეკონომიკურია. რომელიმე პროტესტანტმა დათვალა რამდენი ენერგია დასჭირდება ქვეყანას ხუთი, ათი წლის შემდეგ? საიდან უნდა ვიყიდოთ?
არ გვაქვს ნავთობი, ბუნებრივი აირი. უნდა ვიყიდოთ რასაკვირველია. მცირე ჰესები, ქარის და მზის ენერგია და ასე შემდეგ, გლობალურ და რეალურ საჭიროებებთან მიმართებაში უნიადაგო დემაგოგიაა.
უნდა ვიყიდოთ, რასაკვირველია. ვისგან? რუსეთისგან და თურქეთისგან, სადაც მალე რუსების მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგური ჩადგება მწყობრში. ეს უნდა გავაკეთოთ თან ისე, რომ არც რუსეთის ეკონომიკაზე დავრჩეთ დამოკიდებული და არც თურქეთისაზე. კარგია, გაგიხარია! თუ ამას დაემატება „ჯოს-ჯოს“, ყველაფერი თავიდან დაგვრჩება დასაწყები, 90-იანებიდან.
ასე რომ, ეს სერიოზული თემები მეტ დაფიქრებას მოითხოვს, მინიმუმ საფუძვლიან განსჯას გამოსავლის ძიების მიზნით.” – აცხადებს ვაჟა ბერიძე.