“ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მშენებლობა მარტში განახლდება

“ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მეორე ხაზის მშენებლობა დანიის ეკონომიკურ ზონაში მარტის ბოლოს განახლდება და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. ინფორმაციას რუსული მედია დანიური ენერგეტიკული სააგენტოს დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაზსადენის ბალტიის ზღვის სექტორის მშენებლობა 2020 წელს, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად შეჩერდა. სანქციები შეეხება რუსეთ-გერმანიის პროექტში მონაწილე ნებისმიერ კომპანიას, რომელიც რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ მილსადენის მშენებლობაში დაეხმარება.  აშშ, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და უკრაინა პროექტის წინააღმდეგი არიან.

გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით დამატებითი სანქციების შესახებ ვაშინგტონმა მიმდინარე წლის 13 მარტს განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მას ევროკავშირისთვის საზიანოდ მიიჩნევს, რადგან ვარაუდობს, რომ გაზსადენი ევროპის რუსეთზე ენერგეტიკულ დამოკიდებულებას კიდევ უფრო გაზრდის. ეს კი განსაკუთრებით სახიფათოა იმ პირობებში, როდესაც მოსკოვი ენერგეტიკას პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს. ამ პოზიციას გერმანია არ იზიარებს.

რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში მიმავალი “ჩრდილოეთის ნაკადი 2” გერმანიას წელიწადში 100 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს. მილსადენი რუსეთის, გერმანიის, დანიის, ფინეთის და შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებსა და ტერიტორიულ წლებში გაივლის.

მილსადენის დასრულება რუსეთს დამოუკიდებლადაც შეუძლია, თუმცა აშშ-ის პოზიცია მშენებლობისთვის პროექტის სერთიფიცირების დროს ხელის შემშლელი იქნება. 

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს, რომ მშენებლობის დასრულება არ დაუშვას. 

Leave a Reply