“მსხვილი ჰესების, ხუდონჰესის, ნამახვანიჰესის აშენება, საქართველოსთვის არის ის, რაც აზერბაიჯანისთვის იყო სამხრეთ კავკასიური მილსადენების პროექტების განხორციელება. წყალი არის ჩვენი „ნავთობი“ და „გაზი“ და მისი აუთვისებლობა იქნება დანაშაული, ” – ასე ფიქრობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
მისი განმარტებით, ხუდონჰესის 1,2 მილიარდ დოლარად შეფასებული პროექტი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელ საქართველოში უმსხვილესი ინვესტიციაა. ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 800 მილიონი დოლარი ჩაიდება ნამახვანიჰესის პროექტში, რაც სასიცოცხლოდ სჭირდება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის და მდგრადობისთვის.
„ამ პროექტის განხორციელება არის ჩვენი შანსი და ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ“, – მიაჩნია ექსპერტს და დასძენს, რომ აუციელებლია სწორი კომუნიკაციის წარმოება მოსახლეობასთან.
ენერგეტიკში 10 მილიარდ ლარზე მეტი FDI დაპაუზებულია. 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 2019 წელთან შედარებით 52,9%-ით შემცირდა და 15-წლიან მინიმუმზე დაფიქსირდა. ერთ-ერთი სექტორი, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა ენერგეტიკაა. შარშან საქართველოს ენერგეტიკაში $6 მილიონი დოლარი ჩაიდო. ენერგეტიკაში ინვესტიციების კლებას ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას უკავშირებენ.
გუშინ ნამახვანიჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისსა და თბილისში აქციები გაიმართა. მორიგი აქციის გამართვა თბილისში, პარლამენტის წინ, დაანონსდა. აქციები ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ ბოლო 3-4 თვეა გააქტიურდა.
ნამახვანიჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა შეჩერდა. მანამდე მინისტრები პარლამენტში „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“ 10 135 მოქალაქის პეტიციის განხილვის ფარგლებში მივიდნენ და ანგარიში წარადგინეს. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კიდევ უფრო მანამდე კი, 5 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა. მათ ცაგერის მოსახლეობას ჰესის მშენებლი კომპანიისთვის, “ენკასთვის,” მიწის გადაცემის საკითხები განუმარტეს, ისაუბრეს, რატომ აშენებს ჰესს უცხოელი ინვესტორი და არა – სახელმწიფო, ადგილობრივებს ნამახვანიჰესის უსაფრთხოების დეტალებიც გააცნეს, მოსახლეობის წინაშე მინისტრებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ მთავრობა “ენკას” ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებას მოსთხოვს. მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრისას, მინისტრები დარწმუდნენ რიონის ხეობის მცველთა პროტესტის გულწრფელობაში და გამოთქვეს მზადყოფნა ერთობლივი მსჯელობით გამოინახოს გზა, რომელიც წაადგებამ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სრულიად საქართველოს. მთავრობა ჰესის უსაფრთხოებაში დარწმუნებულია.
ცნობისთვის, ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.
წყარო: report.ge