WEG: “ჰესების რეაბილიტაცია გენერაციის ალტერნატივად ვერ გამოდგება”

ჰესების გარშემო მიმდინარე დისკუსიაში ახალი სადგურების ერთერთ ალტერნატივად ხშირად არსებული ჰესების რეაბილიტაცია განიხილება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს საკუთარ facebook გვერდზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“აქცენტი კეთდება ჰესების არაეფექტური მუშაობის გამოსწორებით მნიშვნელოვანი რაოდენობის ენერგიის მიღების შესაძლებლობაზე. ამ შესაძლებლობის შეფასებისთვის, ქვემოთ მოგვყავს საქართველოში მოქმედი საშუალო და დიდი ჰესების საპროექტო და ფაქტიური გამომუშავების მონაცემები. მონაცემებიდან ჩანს, რომ საშუალო ნალექიან წლებში, ამ ჰესების გამომუშავება საპროექტო გამომუშავების დაახლოებით 83%-ს შეადგენს. მონაცემის შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ:

  1. ჰესების გამომუშავებას განსაზღვრავს არა მხოლოდ ტექნიკური მდგომარეობა, არამედ ასევე ნალექები და წყლის მოდინება რაც წლიდან წლამდე იცვლება. მაგალითად, 2010 წელი იყო გამორჩეულად უხვწყლიანი, ხოლო 2020 წელი – გამორჩეულად მშრალი (რის გამოც ამოღერბულია ანალიზიდან);
  2. ჰესების რეალური ჯამური გამომუშავების საპროექტოსგან განსხვავებაში გადამწყვეტია ენგურჰესის წილი, რომელიც აფხაზეთში უკონტროლო მოხმარების გამო არაოპტიმალურ რეჟიმში მუშაობს და, შესაბამისად, ნაკლებს გამოიმუშავებს. ამ ფაქტორის გარეშე, 2016-2019 წლებში ჰესების გამომუშავების მაჩვენებელი საპროექტო გამომუშავების 88%-იქნებოდა.
  3. საპროექტოზე მნიშვნელოვნად ნაკლებია ჟინვალჰესის გამომუშავება რადგან ის აშენდა გვირაბის შემცირებული გაბარიტით და ამავე დროს მუშაობს თბილისის წყალმომარაგების და არა ელექტროენერგიის ოპტიმალური გამომუშავების რეჟიმით. ანალოგიურად, საცხენისი ჰესი, რომელიც სამელიორაციო არხზეა განთავსებული, მუშაობს მორწყვის რეჟიმის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ დარიალჰესი საპროექტო სიმძლავრეზე მას შემდეგ გავიდა, რაც მასთან დაგვიანებით მიყვანილ-იქნა შესაბამისი ელექტროგადამცემი ხაზი.ჰესების რეაბილიტაციას, რა თქმა უნდა, მოაქვს დადებით შედეგი: მაგალითად, ენგურჰესზე მიმდინარე რეაბილიტაცია გამომუშავებას გაზრდის 100-120 მგვტსთ-ით. რემონტი მიმდინარეობდა ასევე ხრამი 2 ელექტროსადგურზე, რის გამოც მისი გამომუშავება გაიზრდება. მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით ჩატარებულმა საინჟინრო აუდიტმა აჩვენა, რომ ზოგიერთ მცირე ჰესზე შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიებით გამომუშავების გაზრდა საშუალოდ 5%-ით რაც მათ მფლობელებსა და ღონისძიებების ხარჯ-სარგებლიანობაზე არის დამოკიდებული.

ჰესების რეაბილიტაციას, რაც პერიოდულად ხორციელდება კიდეც, უდაოდ აქვს დადებითი ეფექტი. თუმცა, ჯამში, ეს შესაძლებლობები უმნიშვნელოა ქვეყნის 1450 მგვტსთ წლიურ დეფიციტთან შედარებით და ახალი გენერაციის ალტერნატივად ვერ გამოდგება.”

Leave a Reply