ქუთაისში ნამახვანჰესების კასკადის მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა

გუშინ ნამახვანჰესების კასკადის მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა ქუთაისში, სადაც ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ.

აქციაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე უფლებადამცველები მონაწილეობენ. აქციას მონიტორინგს სახალხო დამცველი წარმომადგენლები უწევენ.

„ჩვენ თავიდან ხუთი ადამიანი ვიყავით და დღეს ვდგავართ ათასობით ადამიანი, რადგან ჩვენ დავდექით სიმართლის მხარეს და სიმართლემ გაზარდა ჩვენი რაოდენობა.

რაც უნდა ძლიერი იყოს მტერი, რომელიც გვიპირისპირდება, აუცილებლად სიმართლით დავამარცხებთ ამ მტერს. ეს არის ქართული მიწის დაცვის საკითხი, ჩვენ არასოდეს მოგვწყინდება ჩვენი ქვეყნის მიწის დაცვა. ეს იქნება ცივი გონებით განსაზღვრული მოქმედებები და ეს არ იქნება ემოციური მოქმედება. გაცილებით მეტი ადამიანი დადგება ამ, ან სხვა მოედანზე და ჩვენი ინტერესები არ დახურდავდება ვიწრო ინტერესებზე“, -განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა.

რაც შეეხება აქციის მონაწილეების სამოქმედი გეგმას, გოლეთიანის თქმით, შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს ჩაენაცვლებიან სოფელ ნამოხვანში გაშლილ კარვებში ღამის გასათევად.

აქციაზე ახალი მოთხოვნები გაჟღერდა. აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას არ დატოვებს, საპროტესტო ტალღა დედაქალაქში გადაინაცვლებს, მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან და ამჯერად არა მხოლოდ თურნავას, არამედ სრულად მინისტრთა კაბინეტის წევრების გადადგომას მოითხოვენ, მათ შორის პრემიერ-მინისტრისაც.

„მინდა, ვთხოვო ხელისუფლებას, ნუ ეცდებიან საკუთარი მოსახლეობის დისკრედიტაციას, და ნუ გააკეთებენ დაცინვას, რომ აქ ვინმე არის ჰომოფობი. ბატონებო, ნუ გააღრმავებთ უფსკრულს, რომელიც უკვე ისედაც არის. ჩვენ არაფრის არ გვეშინია, დამოუკიდებელი ხალხი ვართ. ხელისუფლებას შევახსენებთ – თუ თქვენ არ გვემსახურებით, მაშინ გაგიშვებთ და მოვიყვანთ იმ ხელისუფლებას, რომელიც ჩვენ გვემსახურება”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მომავალი საპროტესტო აქცია დედაქალაქში გაიმართება, თუმცა თარიღი ჯერ უცნობია.

Leave a Reply