ნავთობმილიარდერი კელ ინგე როკი ბიტკოინზე დებს ფსონს. ნორვეგიელი მილიარდერი ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტა საუკეთესო დაცვა იქნება ფინანსური ინდუსტრიისა და ცენტრალური საბანკო სისტემის დესტრუქციის წინააღმდეგ.
როკის Aker ASA, რომელიც ნავთობისა და ნავთობმომსახურების კომპანიებს აკონტროლებს, ბიტკოინის პოტენციალის გამოსაყენებლად ახალ ბიზნესს ქმნის.
Seetee-ს სახელით ცნობილი ახალი კომპანია ბიტკოინში ინვესტიციებზე იქნება ორიენტირებული, ითანამშრომლებს ბიტკოინის წამყვან მოთამაშეებთან და უფრო ფართო ბლოკჩეინ საზოგადოებებთან. ასევე, დაიწყებს ბიტკოინის ვერიფიკაციის ოპერაციებს და ინოვაციურ კრიპტო პროექტებს.
”ბიტკოინი შეიძლება ნულამდე დავიდეს, მაგრამ მას ასევე შეუძლია გახდეს ახალი ფულადი არქიტექტურის ბირთვი” – წერს როკი, ნორვეგიის მეორე უმდიდრესი ადამიანი, რომლის ქონება $5,4 მილიარდია.
როკის ინვესტიცია ბიტკოინში დასაწყისისთვის მცირე იქნება. Seetee-ს საწყისი კაპიტალი 500 მილიონი კრონია (58 მილიონი დოლარი). ფირმა ლიკვიდური აქტივების მთლიანად კრიპტოვალუტაში შენარჩუნებას გეგმავს.