კახა კალაძე: ხუდონჰესის მშენებლობა შესაძლოა წელს დაიწყოს

კახა კალაძე: ხუდონჰესის მშენებლობა შესაძლოა წელს დაიწყოს

ჰიდროელექტროსადგურ ხუდონჰესის ინვესტორმა კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯია“-მ მესტიის ბიუჯეტში იანვრის თვეში საპროექტო მიწის წლიური გადასახადი 2 500 000 ლარამდე შეიტანა. თუმცა, როდის დაიწყება ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ჯერჯერობით უცნობია.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ ხუდონჰესის მშენებლობა 2015 წელს დაიწყება. მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოსახლეობასთან, სადაც გათვალისწინებული იქნება მათი მოთხოვნა.

“თანხა რომელიც “ტრანსელექტრიკამ” მესტიის ადგილობრივ ბიუჯეტში ჩარიცხა ეს იყო მიწის გადასახადი. მაგრამ, როდის დაიწყება თვითონ პროექტზე მუშაობა, უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი. მიმდინარეობს მოლაპარაკება. ვფიქრობ, იმ შემთხვევაში თუ მოხდება მოლაპარაკება მოსახლეობასთან, სადაც ყველაფერი იქნება გათვალისწინებული, არ გამოვრიცხავ, წელს დაიწყოს ხუდონჰესის მშენებლობა,“- განაცხადა კალაძემ.

რაში დახარჯავს მესტიის მუნიციპალიტეტი ხუდონჰესის ინვესტორი კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯია“-ს მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში ჩარიცხულ 2 500 000 ლარამდე ჩარიცხულ თანხას? – ამასთან დაკავშირებით “აიპრესი” მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს კახა ჟორჟოლიანს ესაუბრა.

„ჩვენ ბიუჯეტი დაგეგმილი გვაქვს. გეტყვით ერთ რაღაცას, ჩემს მოსვლამდე ადგილობრივი ბიუჯეტი 3 000 000 ლარი იყო ტრანსფერების და ადგილობრივი შემოსავლებით. შარშან სადღაც 5 000 000 ლარამდე იყო, წელს 7 000 000 ლარი გვაქვს დაგეგმილი.

საბავშვო ბაღში დავამატეთ კვება, მასწავლებლებს მოვუმატეთ ხელფასი, სპორტს მოვუმატეთ ხელფასები, 74 პირველკურსელი სტუდენტი 1000-1000 ლარით დავაფინანსეთ, 600 000 ლარი ჩადებული გვაქვს შიდა გზების მოვლა პატრონობისთვის. ბიუჯეტში ეს ყველაფერი გაწერილი გვაქვს. რაც გაკეთებული გვაქვს ბიუჯეტი თუ არ ვცდები 7 000 000-ს 400 ლარი აკლია. ეს წინასწარ გაწერილი და დაგეგმილი გვაქვს. ჯერ-ჯერობით ჭარბ თანხაზე არ ვართ გადასული, რომ გითხრათ, რაზე გავხარჯავ ჩარიცხულ თანხას მომავალში”. – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

Leave a Reply