მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ელექტროენერგიის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა და 700 მილიონ კილოვატსაათს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ იმპორტის მკვეთრი მატება, ძირითადად ენგურჰესის გაჩერებამ განაპირობა. “ესკოს” (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) მონაცემებით, ელექტროენერგიის ძირითადი მომწოდებლები აზერბაიჯანი და რუსეთი არიან, – ამის საკითხზე ანდრია გვიდიანი საუბრობს.
ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის შესყიდვა ფასების გამო აზერბაიჯანიდან გაცილებით ხელსაყრელია.
„ელექტროენერგიის იმპორტის თვალსაზრისით, აზერბაიჯანული ელექტროენერგიის შესყიდვა სხვა მომწოდებლებთან შედარებით, გაცილებით საინტერესოა, რაც კონკურენტულ ფასებში გამოიხატება. შესაბამისად, სახელმწიფო გონივრულად იქცევა, როდესაც არჩევანს კონკურენტულ და ხელსაყრელ პირობებზე აჩერებს. როდესაც ფასებზე ვსაუბრობ მინდა გასაგებად განვმარტო, რა იგულისხმება კონკურენტულ ფასებში. ზოგადად, ელექტროენერგიის იმპორტი 3 სხვადასხვა ფასისგან შედგება, ეს არის დღის, ღამის და უქმე დღეების ტარიფები.მაგალითად, რუსეთიდან, აღნიშნული ფასები არის 7.8/4.1/4.1, ხოლო იგივე ტარიფები, აზერბაიჯანული ელექტროენერგიის შემთხვევაში, გაცილებით დაბალია და 5.4/3.9/3.9 შეადგენს. აქედან გამომდინარე, ცხადია, ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან ხორციელდება.აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის პრაქტიკულად სრული მოცულობა განკუთვნილია დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკისთვის. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის ტერიტორიის გარდა, ელექტროენერგიის იმპორტი მხოლოდ აზერბაიჯანიდან ხორციელდება“, – განაცხადა გვიდიანმა.