ელექტროენერგეტიკა არის საკმაოდ რთული დარგი და ის ასპექტები, რაც ამ ხელშეკრულებაში არის გათვალისწინებული მოიცავს მრავალმხრივ და კომპლექსურ მიდგომას. პირველ რიგში არ შეიძლება ელექტროენერგეტიკას შევხედოთ, როგორც კიტრისა და პომიდვრის ვაჭრობას, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა „დღის ქრონიკაში განაცხადა.
„ნახსენები იყო, რომ წარმოებული ელექტროენერგია წავა თურქეთში ისე, რომ საქართველოში არ გამოიყენება. ეს სრული აბსურდია. ვისაც ოდნავი შეხება ჰქონია ენერგეტიკასთან, წარმოუდგენელია, რომ რაიმე გზით გავიყვანოთ ისე, რომ საქართველში არ დარჩეს ელექტროენერგია. გამორიცხულია ასეთი დონის ხელშეკრულების მომზადება, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სრულიად არის დაცული საქართველოს ენერგეტიკის, ეკონომიკის, უსაფრთხოების ინტერესები. ეს მართლაც სანიმუშო ხელშეკრულებაა. მრავალი წელი მიდიოდა ამ ხელშეკრულებაზე მუშაობა და მრავალი ექსპერტი იყო ჩართული ამ ხელშეკრულების მომზადებაში. სრულიად არის გათვალისწინებული ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ყოველთვის გვაკრიტიკებდნენ ინვესტორები, რომ გვაქვს საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები. თურქეთში, რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში ბევრად მკაცრი და ბევრად დაბალი ტარიფები გვაქვს შეთავაზებული ყველა ინვესტორისთვის და ძალიან მარტივია ამის გადამოწმება. ჩვენ გვექნება ყველაფერზე დეტალური და კვალიფიციური პასუხი. განცხადებები, რომლებიც დღეს დილით გაკეთდა, რბილად რომ ვთქვათ, არაკომპეტენტურია. ალბათ კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო ჩვენი მხრიდან, რომ შეცდომაში არ შევიდეს მოსახლეობა“, განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.
მანამდე EMC-მა განაცხადა, რომ ნამახვანჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის ვერც უკეთეს ენერგოტარიფს, ვერც ენერგოუსაფრთხოებას. მათივე მტკიცებით, ეს პროექტი ქვეყნის ენერგოუსაფრთოებაში კი არ შეიტანს წვლილს, არამედ, პირიქით, ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელი ფისკალურ ტვირთი იქნება.