მურმან მარგველაშვილი: ორი სახის არგუმენტებს ვაწყდებით ჰესების მოწინაღმდეგეებში, პირველს – სავსებით სამართლიანს და მეორეს – აშკარა ტყუილსა და დემაგოგიურს

100 დღეზე მეტია, ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციებს მართავს. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ მანამ, სანამ ყველა საჭირო დოკუმენტი სამართლებრივად არ იქნება შესწავლილი. ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ჰესების აშენება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და პროექტი რისკებს არ შეიცავს. 

ენერგეტიკის ექსპერტი მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოების გაკვეული ჯგუფების პროტესტის შემთხვევაში ადგილი აქვს რამოდენიმე სახის არგუმენტებსა და მიზეზებს. მისი აზრით, აქედან ზოგი მათგანი არის სწორი და სამართლიანი, მაგალითად, რომელიც ეხება სხვადასხვა ბიზნეს თუ საკანონმდებლო პროცედურების დაცვას, გარემოზე ზემოქმედების გათვალისწინებას, პროცესების გამჭვირვალობას, ანუ რამდენად სამართლიანად ჩატარდა ტენდერი და ა.შ. „ბუნებრივია, როდესაც ჩნდება კორუფციული გარიგების ეჭვები, აღნიშნული იწვევს უნდობლობას საზოგადოებაში, რომელსაც შემდეგ უკვე მოსდევს მათი მხრიდან წინააღმდეგობაც.“ აცხადებს ის. თუმცა, მისი აზრით, არის მეორე მხარეც, რომელიც ავრცელებს დიდ დეზინფორმაციას და რომელთა განცხადებებიც წმინდა დემაგოგიური ხასიათისაა.

კითხვაზე, თუ რითაა აღნიშნული განპირობებული, ექსპერტი პასუხობს, რომ მას უჭირს რაიმე კონკრეტულის თქმა, რადგან მიზეზი შეიძლება რამოდენიმე იყოს: „ძალიან ხშირად ვრცელდება რუსული ძალების მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია. ზოგს, სავარაუდოდ, უბრალოდ თავის გამოჩენა სურს. ზოგი, შეიძლება, გულწრფელადაც ფიქრობს, რომ ამით სამშობლოს იცავს, სინამდვილეში კი თავის საყვარელს სამშობლოს მსგავსი ქცევით ძალიან დიდ ზიანს აყენებს. ანუ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ორი სახის არგუმენტებს ვაწყდებით ჰესების მშენებლობის მოწინაღმდეგეებში, პირველს – სავსებით სამართლიანს და მეორეს –  აშკარა ტყუილსა და უსამართლოს. ჩვენი ამოცანა ახლა იმაში მდგომარეობს, რომ მოვახერხოთ მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა. დემაგოგებს არ ავყვეთ, ხოლო სამართლიან არგუმენტებს მოვუსმინოთ და მოვთხოვოთ მთავრობასაც და კომპანიებსაც მათი გათვალისწინება – აცხადებს ექსპერტი.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply