საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ნამოხვანჰესისა და მასზე დამოკიდებული 80 ჰესის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„დღეს ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი ხაზი, ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, გადის პანდემიასა და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისზე. პანდემიის ნაწილში პირველი ეტაპი ნამდვილად ვმართეთ წარმატებით, თუმცა მეორე ეტაპზე, რაც შეეხება ვაქცინაციის ნაწილს, გვაქვს გარკვეული შეფერხებები. ეს არის ფაქტი. მართალია, გუშინ მინისტრის მოადგილემ სრულიად გასაგებად ახსნა, თუ რატომ ფერხდება ეს პროცესი, რაც ქართული მხარის პრობლემა არ არის, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება და ჩვენ აბსოლუტურად ყველა გზას უნდა მივმართოთ – ფორმალურს თუ არაფორმალურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, მით უმეტეს, რომ რისკები იზრდება შეზღუდვების მოხსნის კვალდაკვალ და პარალელურად.
რაც შეეხება ეკონომიკას, კრიზისი უკვე დაწყებულია და კიდევ უფრო მძიმე კრიზისი გველის წინ. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება კრიზისის ნაწილში გარკვეული გეგმის ჩვენება და კომუნიკაცია მოსახლეობასთან, თუ როგორ ვაპირებთ, გადავარჩინოთ ეკონომიკა და მოსალოდნელ მძიმე შედეგებს გავუმკლავდეთ. ამავდროულად, გვჭირდება ინვესტიციების მოზიდვა.
ინვესტიციების ნაწილში ენერგეტიკა არის უმსხვილესი სექტორი, რომელიც უცხოურ ინვესტიციებს იზიდავს საქართველოში და “ნამახვანჰესი” ამ თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი პროექტია – 800 მლნ დოლარის ღირებულების. გარდა ამისა, ამ “ნამახვანჰესის” პროექტის უკან დგას 80 ჰესის პროექტი ანუ “ნამახვანჰესზე” თუ სწორი კომუნიკაცია არ მოვახდინეთ და სწორად არ მივიტანეთ მოსახლეობამდე, 80 სხვა პროექტი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რომელიც 3, 5 მლრდ დოლარის ღირებულებისაა. ამ ეკონომიკურ კრიზისში ეს იქნება არსებითად მნიშვნელოვანი. მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ ნამახვანჰესის ტიპის თანამდეროვე ტექნოლოგიებით აშენებული კაშხლები, მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ქმნიდნენ პრობლემას.
თუ უსაფრთხოების პრობლემას არ ვქმნით, თუ მოსახლეობას გარკვეული ბენეფიტები აქვს ფინანსური, მაშინ პრობლემა გვაქვს სულ რამდენიმე მიმართულებით: კომუნიკაციის და მეორე – ადგილობრივ მოსახლეობას შეიძლება ვერ ვანახლებთ იმ პლუსებს, რასაც ისინი მიიღებენ.
შეიძლება კონტრაქტორებთან საუბარი, პირობაში ჩაიდოს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას რაღაც შეღავათები ჰქონდეს. სახელმწიფომ უნდა აიღოს გარანტია მშენებლობის ხარისხზე, რომ ამ თვალსაზრისითაც ეჭვი არავის ეპარებოდეს და ყველა რეკომენდაცია, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასებაშია მოყვანილი, უნდა იყოს აბსოლუტურად სწორად გათვალისწინებული, რადგან ჩვენ ხომ მტრები არ ვართ ამ ქვეყნის? პირიქით, გვინდა, რომ სიკეთე გავუკეთოთ ქვეყანას და ენერგოდამოუკიდებლობა შევძინოთ, ინვესტიცია მოვიზიდოთ.
ყველა, ვინც ამ მიმართულებას სწორად განახორციელებს, გააკეთებს ძალიან დიდ საქმეს ამ ქვეყნისთვის, რადგან ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება არ შეიძლება, არ უნდოდეს რომელიმე პოლიტიკოსს ამ ქვეყანაში. ერთადერთი, ვისაც შეიძლება ეს აწყობდეს, რომ ჩვენ ენერგოდამოუკიდებლები არ ვიყოთ, არის ჩვენი არაკეთილმოსურნე ქვეყანა, რომელიც ეცდება, რომ მის იმპორტზე ვიყოთ დამოკიდებულები. ამიტომ, მთავარია, კარგად ავუხსნათ მოსახლეობას, რა ხდება, გვქონდეს სრული ზედამხედველობა მშენებლობის ხარისხზე, ყველა რისკისგან დავაზღვიოთ. ადამიანებისთვის ჰესის მშენებლობა უნდა იყოს არა პრობლემა და პროტესტის მიზეზი, არამედ განვითარების და უკეთესი მომავლის შანსი“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.