მთავრობის მხრიდან გაწეული ელექტრომობილების პოპულარიზაციის მიუხედავად, ინტერესი ამ ტიპის ავტომობილის მიმართ ჯერ ისევ დაბალ დონეზეა. ამის მიზეზად სპეციალისტები ელექტრომობილის შენახვის მაღალ ხარჯს მიიჩნევენ. როგორც ტრანსპორტის სფეროს ექსპერტი, ავტოიმპორტიორი ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, დენზე მომუშავე ავტომობილების დასამუხტი სადგურები ფასიანი ხდება, მომსახურება კი წუთობრივად განისაზღვრება, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მისი თქმით, ფასი ამ შემთხვევაში გაცილებით ნაკლებია იმაზე, რაც ჰიბრიდული მანქანებისთვის საჭირო ბენზინის ღირებულებაა.
მისი თქმით, დენზე მომუშავე ავტომობილების გაფასიანების პროცესმა მძღოლებს ელექტრომობილების შეძენის სურვილი შესაძლოა, საერთოდ გაუქროს.
„ქალაქში განთავსებული დასამუხტი წერტილები ძალიან მცირე რაოდენობითაა. ეს გამოწვეულია იმით, რომ დენზე მომუშავე ავტომობილები რაოდენობრივად ცოტაა; მართალია, მერია დასატენი მოწყობილობების მონტაჟს განაგრძობს, თუმცა მაღალი ხარჯი მომხმარებლებისთვის შეიძლება დაბრკოლებად იქცეს. თან, ინფრასტრუქტურაც მოწესრიგებული არ არის. ელექტრო ავტოგასამართი წერტილები ჩახერგილია სხვა ძრავებზე მომუშავე მანქანებით და ჯერჯერობით არ გვ აქვს რეგულაცია, რომელიც ამას გააკონტროლებს. ყველაზე დიდი პრობლემა მაინც დამუხტვას უკავშირდება. მართალია, სახლის პირობებშიც შესაძლებელია, მაგრამ საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლებისგან განსხვავებით, ამის საშუალებას ნაკლებად იძლევა, ადაპტირებული სივრცეების დიდი სიმცირეა”, – ამბობს ჯამაგიძე.
მისი თქმით, მონტაჟი კარგია, რადგან რაც მეტი მოწყობილობა იქნება, მომსახურებისას შექმნის, თუმცა დამუხტვაზე ფასის დაწესებით ელექტრომობილების პოპულარიზაციას ხელი შეეშლება.
რაც შეეხება ფასებს, ელგუჯა ჯამაგიძის ინფორმაციით, დასამუხტ სადგურებზე მომსახურების ღირებულება წუთობრივად განისაზღვრება. შესაბამისად, მანქანის სიმძლავრის მიხედვით, 0-დან 5 კვტ-მდე სიმძლავრის ელექტრომობილებისთვის 1 წუთის დამუხტვის საფასური 0.03 ლარი იქნება, 5-დან 10 კვტ-მდე – 0.06 ლარი, 10-დან 15 კვტ-მდე – 0.11 ლარი, 15-დან 22 კვტ-მდე – 0.17 ლარი.
ცნობილია, რომ თბილისის მერია ქალაქში ელექტრომობილების დამტენების მონტაჟს განაგრძობს და შემდგომში პროექტის რეალიზაციას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადა.
მისი თქმით, თბილისში 30 ელექტროდამტენი უკვე დამონტაჟდა, თუმცა პროგრამის განხორციელებას ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა.
წყარო: report.ge