ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოს 64.5 მლნ. აშშ დოლარი დაუჯდა

საქართველოს ელექტროენერგეტული ბაზრის ოპერატორის, ესკოს, მონაცემებით, 2020 წლის განმავლობაში საქართველომ უცხოეთიდან 1.6 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა, რაც ქვეყანას 64.5 მლნ. აშშ დოლარი დაუჯდა.

2020 წელს იმპორტზე მთლიანი მოხმარების 13% მოდიოდა. 

შარშან საქართველომ ელექტროენერგია სულ სამი ქვეყნიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, შეიძინა. 

ყველაზე მეტი დენის იმპორტი აზერბაიჯანიდან განხორციელდა. ამ ქვეყნიდან საქართველომ 726 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია იყიდა, რაც მთლიანი იმპორტის 45%-ია.

ყველაზე ძვირადღირებული სწორედ აზერბაიჯანული ელექტროენერგიაა, რომლის ტარიფიც კილოვატ საათზე 5 ცენტს შეადგენდა მაშინ, როცა თურქული ელექტროენერგიის ტარიფი შარშან 3 ცენტი, რუსულის კი 4 ცენტი იყო.

2020 წელს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 36%-ით შემცირდა და 154 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა. საქართველომ დენი  3.8 ცენტად გაყიდა. ჯამში შარშან ელექტროენერგიის ექსპორტით 5.8 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც იმპორტის ხარჯს 11-ჯერ ჩამორჩება.

Leave a Reply