ნაკადი

Nord Stream 2-ის თაობაზე გერმანია ბაიდენთან შეთანხმებას ცდილობს

Nord Stream 2-ის თაობაზე გერმანია ბაიდენთან შეთანხმებას ცდილობს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოხსნას სანქციები და  Nord Stream 2-ის მშენებლობა შეუფერხებლად დასრულდეს.

Bloomberg-ის წყაროს თანახმად, ანგელა მერკელი მუშაობს გეგმაზე, რომელიც ევროპის ენერგორესურსებით რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს, რაც ამერიკის ერთ-ერთ მიზანს პასუხობს.  ამავე წყაროს ცნობით, გერმანია სარეგულაციო მექანიზმების შემოღებით შეეცდება, ენერგეტიკულ ბაზარზე რუსეთს მანიპულირების სივრცე არ დაუტოვოს. ამავდროულად, გერმანია მხარს დაუჭერს ამერიკიდან გაზის იმპორტს LNG ტერმინალების მეშვეობით.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ გერმანიის ეკონომიკის სამინისტროსა და მერკელის ოფისში. 

აშშ-ის ადმინისტრაციები საჯაროდ და თანმიმდევრულად ეწინააღმდეგებიან გაზპრომის პროექტს, რომელიც, მათი შეფასებით, ევროპის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო გაზრდის და ამით მოსკოვს კონტროლის მექანიზმს გაუძლიერებს. ეს კი რეგიონის უსაფრთხოებას დამატებით საფრთხეს შეუქმნის. გერმანია, თავის მხრივ, აცხადებს, რომ პროექტი კომერციული მნიშვნელობისაა და ენერგორესურსების დივერსიფიკაციას ემსახურება.

რუსეთის ოპოზიციური ლიდერის ალექსეი ნავალნის დაპატიმრების ფონზე, პროექტის მოწინააღმდეგეები გერმანიას მილსადენის მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

ატლანტიკური საბჭოს გლობალური ენერგიის ცენტრის თავმჯდომარე და ევროკავშირში აშშ-ის ყოფილი ელჩის რიჩარდ მორნინგსტარის თქმით: „აშშ-ის დარწმუნება იოლი არ იქნება. რთულია, ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესებს და ბოლო პერიოდში რუსეთის ქმედებებსაც გაითვალისწინებს. გერმანიაზეა დამოკიდებული ძლიერი წინადადების მომზადება“.

12 თებერვალს აშშ-ის ორმა წამყვანმა სენატორმა ბაიდენის ადმინისტრაციას სანქციების დაუყოვნებლივი ამოქმედებისკენ მოუწოდა.  პრეზიდენტისთვის მიმართულ წერილში აღნიშნულია, რომ მშენებლობის დასრულება გერმანიასა და ამერიკას შორის კონსტრუქციულ უერთიერთობას ეწინააღმდეგება.  

მიმდინარე თვეში კონგრესის წევრები ელიან, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოაქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც მითითებული იქნება სანქციების სამიზნე კომპანიების ჩამონათვალი. 

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბაიდენის გუნდს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს საგარეო სანქციების დაწესების მოწოდებების მიმართ და ალტერნატიულ გზებს ეძებენ. ამის გათვალისწინებით, ანგარიშის გამოქვეყნება შესაძლოა დროებით გადაიდოს.

გაზსადენის მშენებლობა 6 იანვარს განახლდა დანიის წყლებში, რაშიც მონაწილეობა მიიღო რუსულმა გემმა „ფორტუნამ“, რომელზეც ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო დღეებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები გაავრცელა.

14 თებერვალს, რუსეთის პრემიერის მოადგილემ ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ აშშ-ის დესტრუქციული ქმედებების მიუხედავად Nord Sream 2-ის მშენებლობა დასრულდება.

Leave a Reply