GREDA: 20-მდე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა შეჩერებულია

20-მდე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა შეჩერებულია, რისი მიზეზიც მოსახლეობის პროტესტია – ამის შესახებ განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, საუბარია როგორც მცირე, ასევე დიდი ზომის ჰესებზე.

ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტენდენცია ქვეყანაში არსებული ენერგოდეფიციტის ფონზე განსაკუთრებით სახიფათოა. 2020 წელს ეკონომიკური ვარდნის გამო ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მიუხედავად, ქვეყანას მაინც დასჭირდა 59 მლნ დოლარის მოცულობის ელექტროენერგიის იმპორტი.

“20-მდე პროექტი გაჩერებულია ე.წ. სოციალური პრობლემების გამო. ამით კი ჩვენ უარს ვამბობთ 2.7 მლრდ-ის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებაზე, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ეკონომიკა და ზოგადად მსოფლიო ვირუსის გამო კრიზისშია. ამ პროექტების გაჩერებით ჩვენ ბუნებრივია გვაკლდება მნიშვნელოვანი დადგმული სიმძლავრეებიც ენერგეტიკაში”, – განაცხადა განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა. 

2020 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 5.7%-ით შემცირდა, გენერაციის მიმართულებით კი კლება 5.9%-ია. მიმდინარე წელს კი მოსალოდნელია, რომ ელექტროენერგიის მოხმარება 12.6 ტვტ. სთ-მდე გაიზრდება, დეფიციტი კი  1.6 ტვტ. სთ-ს მიაღწევს, რაც შესაძლოა დაკომპენსირდეს იმპორტის ან თბოსადგურების გენერაციის ზრდის ხარჯზე.

Leave a Reply