ბიტკოინის რეკორდულმა აღმასვლამ საქართველოს ბაზარზეც იქონია გავლენა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა ვაჭრობამ და გაიზარდა ფასებიც. მოთხოვნის ზრდის პარალელურად კი კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება რეგულაციების არარსებობა. ანალიტიკოსების შეფასებით, როცა ინვესტორებისთვის კრიპტობაზარი სულ უფრო მიმზიდველი ხდება, აუცილებელია კრიპტოაქტივების გადაცვლის რეგულირების ამუშავება.
შეგახსენებთ, რომ ბიტკოინმა რეკორდულ 48 000 დოლარს პირველად გადააჭარბა, რისი მთავარი მიზეზიც Tesla-ს მილიარდ-ნახევრიანი დოლარის ინვესტიცია და ელონ მასკის განცხადებები გახდა. მასკიმ უკვე დააანონსა, რომ იგეგმება Tesla-ს ავტომობილების ბიტკოინებში რეალიზაცია, რითაც ფაქტობრივად ციფრულ მონეტას ახალი მნიშვნელობა შესძინა. ის აღარ იქნება მხოლოდ დაგროვების საშუალება და ზუსტად ამ მიზეზის გამო, საერთაშორისო ინვესტორებისთვის ეს ბაზარი სულ უფრო საინტერესო ხდება.
დღეის მდგომარეობით, ბიტკოინის ფასი 44-ნახევარი ათასი დოლარია.