ბოლო სამი წლის განმავლობაში ენერგეტიკაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კლების ტენდენციით ხასიათდება. 2015 წლის მეორე კვარტალში ენერგეტიკაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 10 კვარტლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2015 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში, ენერგეტიკაში 11 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, 2014 წლის მეოთხე კვარტალში, – 37 მილიონის, მესამეში, – 51 მილიონის, მეორეში 79 მილიონის, პირველში კი 23 მილიონის. რაც შეეხება 2013 წელს, წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ენერგეტიკის სფეროში 52 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, მეორეში, – 71 მილიონის, მესამეში 79 მილიონის, ხოლო მეოთხეში 48 მილიონი დოლარის.
2015 წლის მეორე კვარტალში ენერგეტიკის სფერო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოცულობით მეშვიდე ადგილს იკავებს. ენერგეტიკის სფეროს უსწრებს სასტუმროები და რესტორნები, უძრავი ქონება, მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო სექტორი, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა. აღნიშნულ სექტორებში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციები მეორე კვარტალში მატების ტენდენციით გამოირჩევა. სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2015 წლის II კვარტალში 78 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 207 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 58 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 41 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობა 30 მლნ. აშშ დოლარით.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის II კვარტალში 355 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 81 პროცენტით აღემატება 2014 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს.
საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის II კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტორი ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას გვიჩვენებს სექტორული დიაგრამა #2, რომლის მიხედვით პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 45 პროცენტით, მეორეზე – ნიდერლანდები 19 პროცენტით, ხოლო მესამეზე – თურქეთი 12 პროცენტით.