ფეროშენადნობების მწარმოებლები ელ.ენერგიასთან დაკავშირებით სამინისტროს კიდევ ერთხელ მიმართავენ

ფეროშენადნობების მწარმოებლები გაძვირებულ ელექტროენერგიასთან დაკავშირებით კვლავ გამოსავლის ძიებაში არიან. დარგის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროს დახმარების თხოვნით მიმართეს, თუმცა უწყებამ კომპანიები სემეკთან გადაამისამართა.

როგორც ფეროშენადნობთა ასოციაციაში განმარტავენ, ამ ეტაპზე ისინი სემეკისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არ ელიან და საკითხთან დაკავშირებით ისევ ეკონომიკის სამინისტროს მიმართავენ. ასოციაციაში აცხადებენ, რომ საუბარია დარგისთვის შედარებით იაფი ელექტროენერგიის მიწოდების საჭიროებაზე. დარგის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის შედეგად მათი პროდუქციის თვითღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც სექტორისთვის მძიმე ტვირთია.

„ეკონომიკის სამინისტრომ ჩვენი წერილი სემეკს გადაუგზავნა, თუმცა იმის იმედი, რომ მარეგულირებელი საკუთარ გადაწყვეტილებას შეცვლის, რა თქმა უნდა, არ გვაქვს. ისეც ეკონომიკის სამინისტრო თუ დაგვეხმარება ელექტროენერგიის  ალტერნატიული წყაროს მოძიებაში. საერთაშორისო ბაზარზე ამ დროისთვის ჩვენს პროდუქციაზე ფასები გაზრდილია, თუმცა ამას აუცილებლად მოყვება ფასების კლება. ამ ვითარებას კი გაძვირებული ელექტროენერგიის პირობებში ჩვენი დარგი როგორ გაუძლებს, ძალიან ბუნდოვანია“, – განაცხადა “მანგანუმის მომპოვებელთა, ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და ტრეიდერთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ნუგზარ კევლიშვილმა.

მიმდინარე წლიდან არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის ელექტროენერგია 11-14 თეთრის ფარგლებში გაძვირდა. როგორც ფეროშენადნობების მწარმოებელ კომპანიებში განმარტავენ, დარგისთვის ელექტოენერგიაზე ფასმა დაახლოებით 90%-ით მოიმატა.

Leave a Reply