დღეს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა და ყირგიზეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ნურლან საბუკოვმა, საერთაშორისო კონფერეცია „ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის განვითარება“ გახსნეს. ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ქ. ბათუმში, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით იმართება და მასში საქართველოსა და ნორვეგიის დელეგაციების გარდა ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის რესპულიკების დელეგაციები მონაწილეობენ. კონფერენციას ასევე ესწრებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები.
აღნიშნული კონფერენციის მიზანი ოთხ ქვეყანას შორის ჰიდროენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის წყაროების, ინვესტიციების მოზიდვის, საერთაშორისო პროექტებისა და საკანონმდებლო რეგულირების სფეროში გამოცდილების გაზიარებაა.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები დაათვალიერებენ შუახევის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. ,,შუახევიჰესის’’ პროექტი საქართველოს ენერგოსისტემაში ყველაზე დიდი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტია ჯამური ღირებულებით 400 მლნ აშშ დოლარი. მშენებლობას ინდურ Tata Power-სა და ნორვეგიულ Clean Energy Invest-ის მიერ დაფუძნებული ერთობლივი საწარმო ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ ახორციელებს. მშენებლობაზე დასაქმებულია საქართველოს 600 მოქალაქე. პროექტის დასრულების შემდგომ კომპანია ყოველწლიურად მილიონობით ლარს შეიტანს ადგილობრივ ბიუჯეტში რაც პირდაპირ აისახება და გააუმჯობესებს აჭარის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფას.