ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს გადამცემი ქსელის ათწლიანი გეგმის პრეზენტაციას ესწრება.
როგორც სიტყვით გამოსვლისას კალაძემ აღნიშნა, საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება 90-იანი წლები და საქართველო აღარასდროს დაბრუნდება სიბნელეში.
“ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ერთჯერადი ხანმოკლე და იმპულსური ინოვაციებით და აქტივობებით ვერ ავალთ იმ სიმაღლეზე, რაც გვსურს ჩვენ და რაც სჭირდება თანამედროე სახელმწიფოს. დღესაც არის გარკვეული პრობლემები, ავარიები სისტემაში, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოძველების და არასათანადო რეაბილიტაციის გამო, რაც წლებია დაგროვდა და დროულ, ეფექტურ რებრენდინგს საჭიროებს. დღესაც გვაქვს პრობლემები ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში. დღესაც გვიწევს მძიმე წარსულისგან ენერგეტიკის მკურნალობა. ჩვენი ქვეყნის განვითარების ტემპები და მიმართულება, ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა და მომავლის ხედვა, მთლიანადაა დამოკიდებული ენერგეტიკაზე. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ წარმოუდგენელია ქვეყნის ეკონომიკურად განვითარება, თუ ჩვენ არ ვიქნებით ენერგეტიკულად განვითარებულები. ჩვენ უნდა შევქმნათ უსაფრთხო, გამართული და თანამედროვე ინფრასტრუქტურა, უზრუნველყოფა უნდა გავუწიოთ მოსახლეობის, ბიზნესის მომსახურეობას 24 საათიანი უწყვეტი რეჟიმით. ის პროექტი, ათწლიანი გეგმა, რომელიც ჩვენს მიერ არის დასახული, თითოეული ჩვენგანისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ, საქართველო უახლოეს მომავალში გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა”, – განაცხადა კახა კალაძემ.