ეგვიპტე მალე გახდება თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) ერთ–ერთი წამყვანი ექსპორტიორი ევროპაში, რითაც კონკურენციას გაუწევს რუსულ “გაზპრომს” ევროპულ ბაზარზე.
ეს მოხდება ქვეყანაში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოების მეორე ქარხნის ამუშავების შემდეგ, ამ წლის თებერვლის ბოლოს, იუწყება პორტალი Hellenic shipping news.
აღნიშნული საწარმო 2012 წლიდან გაჩერებულია. მისი აღდგენა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ცოტა ხნის წინ ხმელთაშუა ზღვაში, ეგვიპტის ეკონომიკურ ზონაში, “ზორის” საბადოში აღმოჩენილმა უზარმაზარმა გაზის მარაგმა და “თამარისა” და “ლევიათანის” საბადოებში ისრაელის გაზის ექსპორტმა გამოიწვია ბუნებრივი აირის სიჭარბე, რასაც ვერ უმკლავდებოდა არსებული საწარმო Idku.
გაზის ბაზრის სანდო წყაროებზე დაყრდნობით, პორტალი იუწყება, რომ “დამიეტას” ქარხანაში თხევადი აირის პირველ პარტიის წარმოება დაგეგმილია არა უგვიანეს 14 თებერვლისა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის გაზის მიწოდება ეგვიპტეში გასული წლის იანვარში დაიწყო. აღნიშნული ხორციელდება 2019 წელს დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, ეგვიპტურ კომპანია Dolphinus Holdings- სა და ისრაელის Delek Drilling- ს შორის, რომელიც ფლობს “ლევიათანისა” და “თამარის” საბადოების ათვისების უფლებას ხმელთაშუა ზღვის მეჩეჩზე.
“ლურჯი საწვავი”, რომლის მოცულობაც დღეში 10 მილიონ კუბურ მეტრს აჭარბებს, ისრაელიდან “პირამიდების ქვეყანაში” გაზსადენით მიედინება, რომელიც აშენდა ამერიკული კომპანიის Noble Energy და სხვა პარტნიორების ფინანსური მონაწილეობით.
ამასთან, უახლოეს მომავალში, ევროპელები დაიწყებენ ისრაელის გაზის მიღებას EastMed მილსადენით “პირდაპირ”. მისი ექსპლუატაციაში შესვლა დაგეგმილია 2025 წლისთვის.
ნინო სამადაშვილი