მერაბ გაფრინდაშვილი: ნამახვანჰესის პროექტი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია

ჩვენ დღეს სამეზობლოსგან ვყიდულობთ ელექტროენერგიას, რომლის დეფიციტში ვართ და პრაქტიკულად ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რაც გვჭირდება და შორეულ პერსპექტივაში სხვა ჰესების მშენებლობაც საჭირო იქნება, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნამახვანჰესთან მიმართებაში მთავარი პირობა არის ის, რომ ჰესის მშენებლობა-ოპერირების პროცესი მსოფლიოში აპრობირებული სტანდარტების სრული დაცვით წარიმართოს

„ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო დაგეგმილი, თუმცა პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. უნდა ყოფილიყო სამი წყალსაცავი დღეს გვაქვს ორი წყალსაცავი. პროექტი გადაკეთდა ორ საფეხურიანად, უსაფრთხოების დაცვით. ნიშანდობლივია ერთი ფაქტორი – ე.წ. გონის გადაადგილებულ ბლოკს რომ არ შეხებოდა წყალსაცავის კუდი, სწორედ ამიტომ შეიცვალა ეს პროექტი.

ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. ჩვენ დღეს სამეზობლოსგან ვყიდულობთ ელექტროენერგიას, რომლის დეფიციტში ვართ და პრაქტიკულად ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რაც გვჭირდება და შორეულ პერსპექტივაში სხვა ჰესების მშენებლობაც საჭირო იქნება.

სატელევიზიო და სოციალურ სივრცეებში გავრცელდა ინფორმაცია საფრთხეებზე, რაზეც მოსახლეობა აღშფოთდა – მინდა ვთქვა, რომ კაშხლის დაფუძნება აბსოლუტურად მკვრივ ქანებში ხორციელდება და არა სუსტ ქანებში, როგორც ამბობენ. მსოფლიოს პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ გრავიტაციული კაშხლის დარღვევა დაფიქსირებულიყოს. არის მოსაზრება თითქოს და წყალტუბოს სამკურნალო წყლები დაზიანდება ეს სრული აბსურდია, ვინაიდან ნამახვანჰესის სამიზნე არეალი და წყალტუბო სხვადასხვა მორფოლოგიურ და გეოლოგიურ პირობებში იმყოფება და რაიმე კავშირი რომ იყოს მიწისქვეშ მათ შორის დღესაც გვექნება იგივე წყლები ნამახვანში, რაც წყალტუბოშია.

არის ერთი საფრთხე, თითქოს იქ კარსტული გამოქვაბულებია და წყალი დაიკარგება. ქვედა ნამახვანის ტერიტორია კარსტვადი კარბონატული კირქვებით ​არ არის აგებული, არამედ აგებულია პორფილიტებით, რომელიც დაკარსტვას არ ექვემდებარება. ესეც კიდევ ერთი პირობა, რომელიც არ უნდა აღელვებდეს მოსახლეობას. როგორც ჩვენი სამინისტრო ისე დამოუკიდებელი ექსპერტები მზად ვართ კომუნიკაციისთვის. ორჯერ საჯარო განხილვაც განხორციელდა. ახალ კვლევებში მსოფლიოში აღიარებულ ექსპერტებს აქვთ მონაწილეობა მიღებული, შესაბამისად იქ კითხვის ნიშნები არ ისმება.

მთავარი პირობა ნამახვანჰესთან მიმართებაში, არის ის, რომ ჰესის მშენებლობა ოპერირების პროცესი მსოფლიოში აპრობირებული სტანდარტების სრული დაცვით წარიმართოს“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში, ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა და აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა იმ ტერიოტრიაზე მისვლა სცადეს, სადაც რამდენიმე თვის წინ ჯვარი აღმართეს. სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს და განმარტეს, რომ ადგილი, სადაც ჯვარია აღმართული არის კერძო საკუთრება, რასაც მცირე ხმაური მოჰყვა.

Leave a Reply