ნამახვანჰესის მოსამზადებელ სამუშაოებს, ადგილობრივი მოსახლეობის ის ნაწილი ეხმაურება, რომელიც ჰესის მშენებლობის მომხრეა.
მოსახლეობის თქმით, პროექტის განხორციელება რიონის ხეობის გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მთავარი პრობლემა სოფლებში უმუშევრობაა და ჰესის მშენებლობა დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.
მათივე თქმით, სოფელი დაცლილია და ჰესის მშენებლობა ახალგაზრდებს დაბრუნებაში დაეხმარება. როგორც მოსახლეობამ განაცხადა, ჰესის მშენებლობით ინფრასტრუქტურა განვითარდება და არა მარტო რიონის ხეობა, არამედ მთლიანი რეგიონი გაძლიერდება.
მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ერთობლივი მოლაპარაკებაა საჭირო და აუცილებელია, რომ გადაწყვეტილება ხეობის სასიკეთოდ იქნას მიღებული.
„ამ ეტაპზე ხეობა მიტოვებული და ჩაძირულია. მოსახლეობის უმეტესობამ სოფლები დატოვა. ამ პროექტის განცხორციელებით ვფიქრობ ხეობა გამოცოცხლდება. ახალგაზრდები სოფლებს დაუბრუნდებიან. ინფრასტრუქტურა გაძლიერდება, გაკეთდება გზა და იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ რომ ჰესი წალეკავს ქუთაისს, არამედ იმაზე, რომ რეგიონი გაძლიერდება. არავისთან არაფერი საკამათო არ გვაქვს, საჭიროა მოლაპარაკებები, რომ საბოლოოდ ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდეს“, – ამბობს imedinews-თან საუბარში ერთ ერთი ადგილობრივი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში, ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა და აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა იმ ტერიოტრიაზე მისვლა სცადეს, სადაც რამდენიმე თვის წინ ჯვარი აღმართეს. სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს და განმარტეს, რომ ადგილი, სადაც ჯვარია აღმართული არის კერძო საკუთრება, რასაც მცირე ხმაური მოჰყვა.