ნინო თანდილაშვილი: ნამახვანჰესის პროექტში მინიმუმამდეა დაყვანილი გარემოზე ზემოქმედების რისკები

ჩვენმა უწყებამ 2020 წელს ქვემონამახვანის პროექტთან დაკავშირებით გასცა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. პროცესი შეფასებულია და პროცესში მინიმუმამდეა დაყვანილი ყველა ის რისკი, რაც შესაძლოა პროექტის განხორციელებას ახლდეს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ნებართვის გაცემას წინ უძღოდა კვლევები და ეს არ მოიცავდა მხოლოდ გარკვეული დოკუმენტაციის დამუშავებას. „ეს ეფუძნებოდა საველე კვლევებსა და შეფასებებს, როგოც ჰიდროლოგიის, ასევე გეოლოგიის, მეწყერების შეფასების, ბიომრავალფეროვნების, სეისმოლოგიის და ბევრი სხვა მიმართულებით. პროცესში ჩართული იყო ძალიან ბევრი კვალიფიციური ექსპერტი და სწორედ ამ დასკვნების საფუძველზე, დაკორექტირდა და ცვლილებები შევიდა პროექტის დიზაინში. ამ შეფასებების საფუძველზე პროექტი დაექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესს“, – განაცხადა თანდილაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ პროექტი დარგის გამოცდილმა სპეციალისტებმა შეაფასეს. „პროექტის შეფასების პროცესში ჩვენ ჩართული გვყავდა დარგის გამოცდილი სპეციალისტები. მათ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით აქვთ მიღებული გადაწყვეტილებები. ამიტომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ნებართვაზე, რომელიც გაიცა სამინისტროს მხრიდან, სწორედ ამ ექსპერეტბის დასკვნებს ვეყრდნობით. პროექტი შეფასებულია და პროცესში მინიმუმამდეა დაყვანილი ყველა ის რისკი, რაც შესაძლოა მის განხორციელებას ახლდეს. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ამ შეფასებას, მინიმუმამდე დაჰყავს გარემოზე ზემოქმედების რისკები. ეს იყო მთავარი ამოცანა და მხოლოდ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი გაგრძელდა წელიწადნახევარი. ჩვენ გვქონდა პროექტის ორი საჯარო განხილვა, რომელიც ჩატარდა ადგილზე და სამინისტრომ გამოიყენა ყველა საშუალება იმისთვის, რომ მოქალაქეებს, საზოგადოებას, დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ მონაწილეობა ამ განხილვებში გამოეთქვათ კომპეტენტური მოსაზრებები“, – აღნიშნა თანდილაშვილმა.

Leave a Reply