ძლიერმა ყინვებმა პოლონეთში რუსულ გაზზე მოთხოვნა გაზარდა

პოლონეთის ხელისუფლებამ რუსეთიდან გაზის შესყიდვის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. ევროპაში დამდგარი არანორმალური სიცივეების გამო ვარშავა დამატებითი ენერგორესურსის საჭიროების წინაშე აღმოჩნდა.

ჰაერის ტემპერატურა პოლონეთის ზოგიერთ რეგიონში -27 გრადუსამდე დაეცა. არსებულ ვითარებაში, გაზის ეროვნული კომპანია PGNiG იძულებულია გაზარდოს ენერგიის მოხმარება რეკორდულ მაჩვენებლებამდე. წინასწარი მონაცემებით ზამთრის ბოლომდე ქვეყანა დაახლოებით 81 მილიონ კუბურ მეტრ ლურჯ საწვავს მოიხმარს, რომლის მთავარ მიმწოდებლად ისევ რუსეთი დარჩება.

“გაზპრომის” მონაცემებით, ამ ზამთარს ევროპაში საწვავის მომარაგება უკვე 40% -ით არის გაზრდილი. კომპანია მიიჩნევს, რომ აღნიშნული კიდევ ერთი მიზეზია Nord Stream 2 გაზსადენის შეუფერხებლად დასრულებისა, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს კონტინენტისთვის გაზის რეგულარულად მიწოდება. საგულისხმოა, რომ სწორედ პოლონეთია ხსენებული პროექტის ერთ–ერთი მთავარი მოწინააღმდეგე.

ასევე, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონეთი არ არის რუსეთისგან საწვავის შესყიდვის გაზრდის ფაქტით კმაყოფილი და ზოგადად რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას უარყოფითად აფასებს.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply