დავით მირცხულავა “ენერგონიუსს” გაზრდილ ენერგომოთხოვნასა და დეფიციტის შევსების შესაძლებლობებზე ესაუბრა.
ექსპერტის აზრით, საქართველოს 2030 წლისთვის აქვს პოტენციალი, რომ ქარის ენერგიის მიმართულებით აითვისოს დაახლოებით 1350 მგვატის სიმძლავრის ენერგია და 507 მგვატი – მზის ენერგიის მიმართულებით. წინასწარი პროგნოზით კი, 2030 წლისთვის საქართველოში ელქტროენერგიაზე მოთხოვნა მთლიანობაში იქნება დაახლოებით 23 მილიარდ კვტ/სთ. “მხოლოდ არსებული ჰიდროელექტროსადგურების შესაძლებლობების და ქარისა და მზის ენერგებიის პოტენციალის ათვისებით ქვეყანა აღმოჩნდება უზარმაზარი დეფიციტის პირობებში” – განაცხადა მან და დაამატა, რომ აღნიშნული კიდევ ერთი მიზეზია იმის, თუ რატომაა ასე მნიშვნელოვანი ახალი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარება. “რა თქმა უნდა, ყველა ენერგორესურსი უნდა მაქსიმალურად ავითვისოთ, შესაბამისად, მზისა და ქარის ენერგიების ათვისებაც აუცილებელია, უბრალოდ, როგორც ხედავთ, აღნიშნული არა არის საკმარისი, რადგან მათი პოტენციალი ვერ შეძლებს ქვეყნის ენერგომოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.” დაამატა მან
მირცხულავას ახრით, ქვეყანას საკუთარი ჰიდროენერგორესურსების მინიმუმი აქვს მხოლოდ ათვისებული. “მთელს მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც აქვს ამხელა შესაძლებლობები და იყენებს ასე მცირედს”- განაცხადა მან.
ექსპერტის სიტყვებით, ევროპაში უკვე ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ნახშირბადის ემისიის შემცირებას, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ელექტრომობილების რიცხვმა საქართველოშიც მოიმატოს. აქედან გამომდინარე, 2025 წლისთვის დამატებით დაახლოებით 1.5 მილიარდი კვტ/სთ. იქნება საჭირო იმისთვის, რომ მხოლოდ ელექტრომობილებისთვის საჭირო ენერგიის მოთხოვნა დაკმაყოფიდეს. “თუმცა, აღნიშნული პროცესი მიდის და არ არის გამორიცხული, მოთხოვნა ელექტროენერგიაზე კიდევ უფრო გაიზარდოს. ხსენებული მოთხოვნის დაკმაყოფილება კი სწორედ ახალი ჰესების აშენებით იქნება შესაძლებელი. სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. რა თქმა უნდა, აუცილებელია განვითარდეს ენერგეტიკის სხვა მიმართულებებიც, სავარაუდოდ დარჩება თბოსადგურებიც, რომლებიც, სხვათა შორის იმპორტირებულ საწვავზე მუშაობს, თუმცა, მნიშვნელოვანია პირველ რიგში სწორედ განახლებადი ენერგიების განვითარება და ნუ დაგვავიწყდება, რომ ჰიდროენერგია განახლებადი ენერგიაა.”