მურმან მარგველაშვილი: „საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ფასების სუბსიდირება ნელ-ნელა უნდა აღმოიფხვრას“

ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბუნებრივი აირის ბალანსის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ წელს გაზის მოხმარება 186 მილიონი კუბურ მეტრით გაიზრდება და 2.7 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს.

ქვეყანა ბუნებრივი აირის 92 %-ზე მეტს აზერბაიჯანიდან იღებს. გასული წლის დეკემბერში მიღწეული შეთანხმების შედეგად „სოკარმა“ საქართველოსთვის ეგრეთწოდებული სოციალური გაზის ტარიფის შემცირების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნული ფასდაკლება 200 მილიონ კუბურ მეტრ მოცულობის ბუნებრივ აირს შეეხება. წელს არის მოსალოდნელი, რომ გაიზრდება, როგორც მოსახლეობის, ასევე კერძო საწამოებისა და ბიზნესი მიერ მოხმარებულ ბუნებრივი აირის მოცულობა.

WEG დირექტორის – მურმან მარგველაშვილის აზრით, ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდა პოზიტიურ მოვლენად ჩაითვლებოდა, რადგან, როგორც წესი, მსგავსი ფაქტი მიუთითებს ბიზნესის ზრდაზე. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გაიზარდა სუბსიდირებული ბუნებრივი აირის მოხმარება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მომხმარებელი რეალურად ხარჯავს სახელმწიფოს რესურსებს, აღნიშნული ვერ ჩაითვლება დადებით მოვლენად. აქედან გამომდინარე, ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდა პოზიტიური ეფექტი ექნება მხოლოდ მაშინ, თუ განხორციელდება ბაზრის რეფორმა და განისაზღვრება ბუნებრივი აირის „რეალური“ რეგიონალური საბაზრო ფასი.

ექსპერტის აზრით, თავად ბუნებრივი აირის ტარიფების „სამომხმარებლო“ და „კომერციულ“ ტარიფებად დაყოფაც პირობითია, რადგან ბიზნესს უწევს ბუნებრივ აირში მეტი თანხის გადახდა, მაშინ როდესაც „კომერციულ“ და „სამომხმარებლო“ ტარიფს შორის არსებული სხვაობა შეუძლია დასაქმებულს უშუალოდ გადაუხადოს ხელფასის სახით, რომელიც შემდეგ თავად უზრუნველყოფს გაზის ღირებულების ანაზღაურებას, ხოლო მოწყვლადი ჯგუფებისთვის, რომელთაც არ აქვთ საშუალება თავად გადაიხადონ საფასური, საერთოდ ცალკე პროგრამა უნდა შემუშავდეს, რომელიც მათთვის პირდაპირ ფინანსური დახმარების გაწევას უნდა გულისხმობდეს. „ჯანსაღი განვითარების გზა ეს არის“ – აცხადებს ის.

ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის ეგრეთწოდებული „სოციალური გაზით“ უზრუნველყოფა მურმან მარგველაშვილს „პოსტ საბჭოთა სატარიფო პოპულიზმად“ მიაჩნია და თვლის, რომ აღნიშნული ძალიან უშლის ხელს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, ქმნის არაჯანსაღ გარემოს, არ იძლევა ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიების განვითარების საშუალებას. „საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ფასების სუბსიდირება ნელ-ნელა აღმოფხვრილ უნდა იქნას“ – დაამატა მან.

Leave a Reply