მურმან მარგველაშვილი: “გაზის იმპორტის მთავარი პირობა უნდა იყოს გამჭვირვალობა“.

საქართველო რუსული გაზის შესყიდვას განაგრძობს. კერძოდ, წელს “გაზპრომისგან” ქვეყანა 200 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეისყიდის, რაც მთლიანი მოხმარების 7%-ია. ამავე რაოდენობის ბუნებრივი აირი მიიღო ქვეყანამ გასულ წელსაც. ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბუნებრივი აირის ბალანსის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ წელს გაზის მოხმარება 186 მილიონი კუბურ მეტრით გაიზრდება და 2.7 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს.

ქვეყანა ბუნებრივი აირის 92 %-ზე მეტს აზერბაიჯანიდან იღებს. გასული წლის დეკემბერში მიღწეული შეთანხმების შედეგად „სოკარმა“ საქართველოსთვის ეგრეთწოდებული სოციალური გაზის ტარიფის შემცირების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნული ფასდაკლება 200 მილიონ კუბურ მეტრ მოცულობის ბუნებრივ აირს შეეხება. წელს არის მოსალოდნელო, რომ გაიზრდება, როგორც მოსახლეობის, ასევე კერძო საწამოებისა და ბიზნესი მიერ მოხმარებულ ბუნებრივი აირის მოცულობა.

იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად წარმოადგენს საშიშროებას რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის გაგრძელება, WEG დირექტორმა – მურმან მარგველაშვილმა ისაუბრა „ბიზნეს ფორმულაში“.

„თავად რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის აღნიშნული მოცულობით გაზრდის ფაქტი არ წამოადგენს განგაშის ან შეშფოთების საფუძველს, რადგან საქართველო ისედაც იმდენადაა დამოკიდებული რუსულ იმპორტზე, რომ ხსენებული მოცულობა ვერ გახდება რუსეთის მხრიდან რაიმე ფორმით შანტაჟის ბერკეტი, იქნება ეს შეწყვეტის მუქარა, თუ ფასის მომატება“ –  განაცხადა მან.

ექსპერტის აზრით, შესაძლებელია უფრო მეტი მოცულობის ბუნებრივი აირის იმპორტიც, რაც თავის მხრივ შექმნის კონკურენტულ პირობებს აზერბაიჯანული გაზისთვის, აღნიშნული კი შემდგომში ფასების კიდევ უფრო დაწევის საწინდარიც კი შეიძლება გახდეს. „თუმცა, მხოლოდ გამჭვირვალობის პირობების დაცვვით, რაციონალური მოქმედებითა და შესაძლო რისკების ზუსტი და დეტალური გათვლით“ – დაამატა მან.

მურმან მარგველაშვილის აზრით, ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობა აღნიშნულის მისაღწევად არის მიმდინარე პროექტი, რომელიც ხორციელდება ევროკავშირთან ერთად, რომლის თანახმადაც საქართველომ უნდა განახორციელოს გაზის ბაზრის რეფორმა, რაც თავისთავად გულისხმობს გამჭვირვალობის ვალდებულების აღებასაც. აღნიშნული კი მინიმუმამდე შეამცირებს არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ნებისმიერ მომწოდებელთან მიმართებაში ტექნიკურ, ფინანსურ თუ კორუქფციულ რისკებს.

თუმცა, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ჯერ პოზიტიურ ცვლილებები ხსენებული მიმართულებით მკაფიოდ არ იკვეთება, რადგან ადგილი აქვს რიგ არაგამჭვირვალე პროცესებს, მათ შორის, მონოპოლიური მომწოდებლის დომინირებას; ჩარევას მიწოდებაში, დისტიბუციასა და მოხმარებაში; საცალო ბაზარზე არაკონკურენტულ გარემოს და ა.შ. თუმცა, მისი სიტყვებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ენერგეტიკულ გაერთიანებასთან და ჯერ ვადებიც იძლევა საშუალებას რეფორმების განსაზღვრულ ვადაში წარმატებით განხორციელების.

Leave a Reply