რატომ გაიზარდა კომერციული დენის ტარიფი სამომხმარებლოზე 3-ჯერ მეტად?

2021 წლიდან საქართველოს ბიზნესსაც და მოსახლეობასაც ელექტროენერგიის ტარიფი გაეზარდათ, თუმცა, ბიზნესისთვის ტარიფის მატება ერთ კილოვატზე საშუალოდ 11-13 თეთრია, როდესაც მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ღირებულება 3.5 თეთრით გაძვირდა. შესაბამისად, ბიზნესისთვის ტარიფის ზრდა 3.5-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე მოსახლეობისთვის.

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მოქალაქეებისთვის და ბიზნესებისთვის ტარიფების განსხვავებული ზომით ზრდა “ენგურჰესის” ელექტროენერგიას უკავშირდება. კერძოდ, სემეკის გადაწყვეტილებით, “ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, რომელიც უფრო იაფი ღირს ძირითადად მოსახლეობისკენ მიიმართა, შესაბამისად კომერციული სექტორისთვის განკუთვნილი ელექტროენერგიის შესყიდვა უფრო ძვირადღირებული წარმოების ჰიდროელექტროსადგურებიდან ხდება.

“ბიზნესს ჩვენ რა ტარიფებიც დავუდგინეთ, ეს არის დათვლილი ელექტროენერგიის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით. რაც შეეხება მოსახლეობის ელექტროენერგიის ტარიფს შედარებით ნაკლებ ზრდას, ვიდრე ბიზნესის ნაწილში, ეს გამოწვეული არის ერთადერთი ფაქტორით, რაც არის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ “ენგურჰესის” შედარებით იაფიანი ენერგია გაგვენაწილებინა უფრო მეტად მოსახლეობისთვის,”- აცხადებს დავით ნარმანია.

Leave a Reply