ბელორუსსა და რუსეთს შორის კიდევ ერთი “ნავთობის კონფლიქტი” მწიფდება. მიზეზი 3,5 მილიარდი რუსული რუბლია (46,52 მილიონი აშშ დოლარი), რომლის მიღებასაც “გომელტრანსნეფტი დრუჟბა” ელოდება „ტრანსნეფტისგან“. ბელორუსული კომპანია მიიჩნევს, რომ ეს თანხა მისი “დანაკლისის შემოსავალია”. “გომელტრანსნეფტი დრუჟბამ” სწორედ აღნიშნული თანხა დაკარგა შემოსავლის სახით გასული წელს, რუსული ნავთობის ტრანზიტის მოცულობის შემცირების გამო, და კიდევ 2.5 მილიარდი – სატრანზიტო ტარიფის ზრდის გამო, რომელიც ბელორუსის ხელისუფლების მიერ დაწესებულმა ეკოლოგიურმა გადასახადებმა გამოიწვია.
რუსეთი არ არის კმაყოფილი მოვლენების ამგვარი განვითარებით. „ტრანსნეფტი” არ ჩქარობს დათანხმდეს მსგავსი თანხების გადახდას. მიიჩნევს, რომ “გომელტრანსნეფტი დრუჟბას” გათვლები ეკონომიკურად უსაფუძვლოა. გასულ წელს რუსული ნავთობის ტრანზიტის შემცირება გამოწვეული იყო OPEC + გარიგების შედეგად, რომელიც წარმოების შემცირების ვალდებულებას ითვალისწინებდა. სწორედ აღნიშნულის გამო, ტრანსპორტირების მოცულობამ დაგეგმილ 50 მილიონ ტონა ნავთობზე 4,54 მილიონი ტონით ნაკლები შეადგინა.
გარდა ამისა, 2.5 მილიარდი რუსული რუბლი არის გარემოსდაცვითი გადასახადის ოდენობა, რომელიც ბელორუსში შემოიღეს 2020 წლის იანვარში, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაში ჩართული საწარმოებისთვის. მაგრამ, ”ტრანსნეფტის” აზრით, მათზე ხსენებული გადასახადის “თავზე მოხვევა” არასწორია, რადგან ისინი წარმოიშვა ბელორუსის შიდა კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.