2020 წელი მომგებიანი წელი იყო ბიტკოინისთვის. კრიპტოვალუტა თითქმის გაოთხმაგდა და მისი ფასი, რომელმაც 20 000 დოლარს პირველად გადააჭარბა, განაგრძობს ზრდას. Wall Street-ის ვეტერანებმა ის ალტერნატიულ აქტივად აკურთხეს. ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა MicroStrategy და Square, ფულადი რეზერვები კრიპტოვალუტაში გადაიტანეს.
2017 წელს მკვეთრი ზრდისა და მომდევნო წელს დრამატული კლების შემდეგ, 2020 წელს ბიტკოინის ღირებულება 300% -ზე მეტით გაიზარდა. როგორც ამას ინვესტორები ვარაუდობენ, ეს ტენდენცია შესაძლოა მომავალ წელსაც გაგრძელდეს.
თუმცა, რაც უფრო მეტად ექცევა ის ყურადღების ცენტრში, მით მეტ ყურადღებას იპყრობს მარეგულირებლებისგანაც, რამაც შეიძლება სამომავლო დაძაბულობა გამოიწვიოს, მითუმეტეს ტრამპის ადმინისტრაციის დასრულების ფონზე. ბევრი სტრატეგისტი და ინვესტორი აცხადებს, რომ ინდუსტრია მეტი კონტროლის და მკაცრი რეგულაციების სამიზნე აღმოჩნდება ბაიდენის ადმინისტრაციის დროს.
რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ შეავსებს საკვანძო ადმინისტრაციულ თანამდებობებს. საგულისხმოა, რომ ჯანეტ იელენი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციაში სახაზინო მდივნის თანამდებობაზე დასახელდა, ბოლო წლების განმავლობაში ინვესტორებს ბიტკოინის შესახებ აფრთხილებდა, რომ ეს იყო “ძალიან სპეკულაციური აქტივი”.
იმავდროულად, Bloomberg News იუწყება, რომ გარი გენსლერი შეიძლება დასახელდეს ჯეი კლეიტონის შემცვლელად აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და გაცვლის კომისიაში. კლეიტონის მარეგულირებლიდან გამოსვლა მისასალმებელია კრიპტო გულშემატკივრებისთვის, რომლებიც მას წლების განმავლობაში დაბრკოლებად ხედავდნენ.
ბაიდენის ადამინისტრაციაში, ორივე- პრო და ანტი კრიპტო- ფიგურების არსებობა დაბნეულობას იწვევს ბაზრისთვის, რაც გაართულებს ზრდის იგივე ტემპის შენარჩუნებას, რომელიც კრიპტოვალუტას ახლა აქვს აღებული, მით უმეტეს თუ რეგულაციები მიზნად ისახავს ინოვაციების შეჩერებას და არა მის განვითარებას.
წყარო: “ბიზნესფორმულა”