ერაყმა ჩინურ კომპანიასთან ნავთობის მიწოდების რამდენიმე მილიარდიანი გარიგება დადო. უცნობია ჩინური კომპანიის დასახელება და მოაწერა თუ არა ხელი პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-კადიმმა გარიგებას, თუმცა Bloomberg-მა ჯერ კიდევ დეკემბერში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ გამარჯვებული ZhenHua Oil Co., ჩინეთის თავდაცვის სისტემის კონტრაქტორის შვილობილი კომპანია გახდა.
ხელშეკრულებამ ტრეიდერებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ის უახლესი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი გარიგებაა, რომელიც ერაყს საშუალებას მისცემს, თავისუფლად გაყიდოს ნედლი ნავთობი იქ, სადაც სურვილი ექნება. როგორც წესი, ახლო აღმოსავლეთის ნავთობის გაყიდვა მკაცრად რეგულირებული და ტერიტორიულად შეზღუდულია.
SOMO-ს მიერ კომპანიებისთვის გაგზავნილი შეთავაზების თანახმად, ერაყი მზად იყო დღეში 130,000 ბარელი ნავთობის მიწოდებისთვის ხუთი წლის განმავლობაში. ის ითხოვდა წლიური საფასურის წინასწარ გადახდას, რაც, Bloomberg-ის გათვლით, მიმდინარე ფასებში 2 მილიარდ დოლარზე მეტს მოუტანს ქვეყანას.
გლობალურმა პანდემიით გამოწვეულმა ფასების კრიზისმა ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებს მძიმე დარტყმა მიაყენა, თუმცა მათ შორის ყველაზე სუსტ პოზიციებზე ერაყია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლით, ქვეყნის ეკონომიკა 11%-ით შემცირდება. პირველად 2003 წლის შემდეგ, დეკემბერში მთავრობამ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში თითქმის 20% -ით გააუფასურა.