ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფები საკვების პროდუქტების მწარმოებლებს ნაწილობრივ დაუსუბსიდირდებათ. თუმცა გაუფასურებული ლარის და რუსეთის მხრიდან დაგეგმილი მორიგი შეზღუდვების გამო კომპანიები პროდუქციის გაძვირებას გარდაუვლად მიიჩნევენ. მაგალითად, კვერცხისა და ფრინველის ხორცის მწარმოებლები ამბობენ, რომ მათ პროდუქციის გაძვირება საშუალოდ 10-12 თეთრით მოუწევთ. ადგილობრივ ბაზარზე არსებულ გამოწვევებს ასევე ემატება რუსეთის მხრიდან 15 თებერვლიდან დაგეგმილი დამატებითი შეზღუდვები. კერძოდ, მარცვლეულის ექსპორტზე კვოტების დაწესება, რაც იმპორტირებულ პროდუქციასაც გააძვირებს.
„ისეთი რაოდენობით მოვიხმართ ენერგომატარებლებს, რომ წარმოუდგენელია ეს ფასზე არ აისახოს. თუმცა ყველანაირად ვეცდებით, რომ ფასის ზრდა არ იყოს მნიშვნელოვანი. ლარის გამყარების მოლოდინი არ გვაქვს, ასევე ჩრდილოელმა მეზობელმა მორიგი „სიურპრიზი“ შემოგვთავაზა, რაც მარცვეულს მნიშვნელოვად გაგვიძვირებს. სუბსიდია გარკვეული შეღავათი იქნება, თუმცა ენერგომატარებლების ასეთი რადიკალური გაძვირების პირობებში პროდუქციაზე ფასის ზრდა მაინც გარდაუვალია“, – განაცხადა მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
მიმდინარე წლიდან კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის ღირებულება 11-13 თეთრის ფარგლებში გაიზარდა. მთავრობა ერთი წლის განმავლობაში საკვები პროდუქტების მწარმოებლებს გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფის 50 პროცენტს დაუსუბსიდირებს. კერძოდ, სუბსიდია შეეხება ისეთ დარგებს, როგორიცაა მეფრინველეობა, ხორცის, კარტოფილის, ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება, პურის, შაქრის, მაკარონის და სხვა პროდუქტების წარმოება.